ქართველ ძალოსნებს ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარე სპორტკომპლექსში საქართველოს ძალოსანობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებს წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილიც ესწრებოდა, თბილისში დასრულებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი შეჯამდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფედერაციის სარგებლობაში არსებული ახალი სპორტული ინვენტარი სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

დღესვე დასახელდა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა 5-21 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+ 105 კგ), ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე (+105) და 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (94 კგ) დაიცავენ. ფედერაციის წარმომადგენელთა თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს კიდევ 1 ლიცენზია გამოუყოს, რაც საბოლოოდ 18 ივლისს გაირკვევა.

მინისტრმა ახალგაზრდა ძალოსნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები და გამარჯვება მიულოცა, ეროვნული ნაკრების წევრებს კი ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.

სამინისტროს ცნობით, თბილისმა ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონი + 105 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე გახდა, ვერცხლს კი + 75 კგ-ში ანასტასია გოტფრიდი დაეუფლა.

რაც შეეხება რიოს ოლიმპიურ თამაშებს, ბრაზილიაში რაულ ცირეკიძე მედლებისათვის 13 აგვისტოს იბრძოლებს, ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე კი 16 აგვისტოს იასპარეზებენ.

banner
წინა სტატიაში13 ივლისს „ქართული ოცნება” საგურამოში პარტიის ახალ სახეებს წარადგენს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : გიგლა აგულაშვილი კარგი მინისტრია და სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა