“ქართულმა ოცნებამ” თავისი არჩევანი გააკეთა – ის მუშაობს პუტინის საქმეების შესასრულებლად” -მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” პუტინის საქმეების შესასრულებლად მუშაობს.

“ქართულმა ოცნებამ” თავისი არჩევანი გააკეთა – ის მუშაობს ვლადიმერ პუტინის საქმეების შესასრულებლად. ამას ანაკლიის პორტის გაუქმების დღიდან აკეთებს. ის ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ვექტორი გაანადგუროს. ეს ისეთი დიდი და პროვოკაციული ნაბიჯია, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მგონია მათ სანქციები საერთოდ ადარდებდეთ. თუმცა, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მათ აწესებდეს”, – ამბობს ბრაიზა.

მან აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს შემთხვევაში უფრო დიდი ეფექტი ევროკავშირის სანქციებს ექნება.

“მე პროფესიულად გაზრდილი ვარ იმ პრინციპზე, რომ ამერიკა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთიანად უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. თუმცა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ წუთას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა, რაიმე სხვა ეფექტი ექნება [საქართველოში].

პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.

ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება”, – განაცხადა ბრაიზამ.

13 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. დოკუმენტში წერია, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც “საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობენ”, მათ შორის არიან არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

banner
წინა სტატიაშიეს ქართველი ერის აბუჩად აგდებაა”- საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის არქიმანდრიტი
შემდეგი სტატიაგუშინ ღამით აქტივისტი, ნიკო მანაგაძე დააკავეს