„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. შედეგები საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ გააცნო.

გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები.

შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპონდენტმა. პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი: – „ქართული ოცნება“ – 44.7 % – „ნაციონალური მოძრაობა“ – 32.6 % – „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1% – „საქართველოსთვის“ – 2.9 % – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6 % – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2.5 % – „ლელო“ – 2.3 % – „ევროპული საქართველო“ – 2.2 % – „მოქალაქეები“ – 1.5 % – „ლეიბორისტული პარტია“ – 1.5 % – „გირჩი“ – 0.4 % – „ერთიანი საქართველო“ – 0.4 % – სხვა პარტიები – 3.3 %.

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი – „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი – „პატრიოტთა ალიანსი“ – ერთი მანდატი ასევე.

წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: – იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნების“ კანდიდატი 50.3 % – ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 37.8 % – სხვა კანდიდატები 11.9 % როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგად პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ შვიდივე მაჟორიტარს მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც დავაანონსეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა