„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური,თავდაცვის მინისტრისას ღარიბაშვილი დაიკავებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: გახარიას პრემიერობაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა