„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა”

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

„ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პირველ რიგში, ყველას მადლობას მოგახსენებთ სხდომაში მონაწილეობისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა 2018 წელს ჩაატარა საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და პოლიტიკური საარჩევნო სისტემის გადართვა, მისი შეცვლა სრულად პროპორციული საარჩევნო მოდელით. დღეს ჩვენი ქვეყნის საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს არის უკვე ისტორია, 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით. ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი. არაერთი მოწვევის პარლამენტმა, არაერთმა პოლიტიკურმა თაობამ უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში იკამათა და განიხილა ეს საკითხი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად, პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, თალაკვაძის თქმით, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს უკვე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.

„მინდა, თანაბრად გამოვყო როგორც მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლი, მონაწილეობა და მხარდაჭერა ამ პროცესში. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ჩაგვეტარებინა საჯარო განხილვები საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. ამისთვის გვქონდა ერთთვიანი ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ, მისმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება. ზუსტად დღეს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ, ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად დასრულებული. ჩვენ გადავდივართ უკვე შემდგომ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა, თქვენ კოლეგებო უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მედიას, ვინც საკითხთან დაკავშირებით განხილვებს აშუქებდა. თალაკვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველ არხს და აჭარის ტელევიზიას, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს უმასპინძლეს.

ამასთან, თალაკვაძე მადლობას უხდის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს.

„მსურს ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ვინც ძალიან აქტიურად აშუქებდა პოლიტიკურ დებატებს, განხილვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, პირველ არხს და ასევე აჭარის ტელევიზიას, რომლებმაც უმასპინძლეს საჯარო განხილვებს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას მოქალაქეებთან პირისპირ გვესაუბრა ამ თემაზე. ძვირფასო მეგობრებო, მსურს ასევე ხაზგასმით, თქვენი და საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, დიპლომატებს, რომლებმაც შეიტანეს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური დიალოგის დასრულების და რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბებაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი გერმანიის ელჩს საქართველოში და მადლობას ვუხდი ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში. მათ განსაკუთრებული როლი შეასრულეს ამ შეთანხმების მიღწევაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ არჩევნები სავალდებულო არ იქნება, ხმას არ მივცემ ცვლილებებს- კვიციანი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – არჩევნების თარიღი, 31 ოქტომბერი არის ძალაში