„ქართულმა ოცნებამ“ კასპის მოსახლეობას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კასპის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.

როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის განვითარება დინამიური და ხელშესახები იყოს. მან ასევე იმ პროგრამებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ და იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენმა წინაპრებმა განავითარეს და შემოგვინახეს ეს მხარე ისეთი მშვენიერი, როგორიც დღეს გვაქვს. კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. კასპში არის ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლის პროდუქციით მარაგდება მთლიანად საქართველო. მოხარული ვარ, რომ ამ დოვლათს თქვენ, მშრომელი ადამიანები ქმნით, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში, განვითარება იყოს დინამიური და ხელშესახები.

განვლილი წლების მანძილზე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა ძირეულ საკითხებში, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მიხარია, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და შედეგი უკვე სახეზეა. წარმოების განვითარებაზე ზრუნვის პრალელურად, ინერგება გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტები, ეს კასპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად განსაკუთრებით ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიღწევებთან ერთად, კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება დასაძლევი.

„უმნიშვნელოვანესია, ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინოთ ადამიანები, რომლებიც კასპის და კასპელების ინტერესებს გაატარებენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში. მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა – 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება პირველივე ტურში“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქედაში მანქანა ხევში გადავარდა, დაშავებულია დედა-შვილი
შემდეგი სტატიაბათუმში სოჰო, სექტორი 26, UP2U და კონტე 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს