“ქართულმა ოცნებამ” ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გედევან ფოფხაძე წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძაში “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარადგინა.

ბორჯომი-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში ახალი ღირებულებები დაამკვიდრა.

“მგონია, რომ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ მიწაზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ყველას იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. აი, ამ პატარა ასპინძელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელთაც დღეს აქ “ქართული ოცნების” მაისურები აცვიათ და იმედიანი თვალებით გვიყურებენ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება საქართველოს მომავალი სხვანაირი იყოს, თუ არა ნათელი, ძლიერი და დაფუძნებული თავისუფლების დიად იდეალებზე. “ქართულმა ოცნებამ” ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულიად საქართველოს ეგრძნო ის ახალი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით ცხოვრებას. მე მინდა, რომ ასპინძამ ბოლომდე იგრძნოს ეს ყველაფერი და ისიც გახდეს იმ პოლოტიკური სივრცის ნაწილი, რომელშიც დღეს სრულფასოვნად არის “ქართული ოცნება” ჩართული. მე ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს მას სჭირდება და ნებისმიერმა ასპინძელმა, ნებისმიერმა აქ მაცხოვრებელმა ადამიანმა, მისმა ოჯახმა იგრძნოს, რომ საქართველო სხვა რეალობაში იწყებს ცხოვრებას”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრემიერი მარიოს ფორმაში წყლის მილიდან გამოძვრა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს 1 სექტემბერს უბრუნდება