„ქართულმა ოცნებამ“ აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს, რომ იტვირთეს იმ დიალოგის ორგანიზება, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ამის შესახებ ვაშაძემ განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია, დაიწყეს ორგანიზება ამ დიალოგის, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ აიპების, სიპების და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისებთან, რაღაც დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, თუკი ხელისუფლება მათ შეთავაზებას არ დათანხმდება, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დღეს არის.

„ჩვენ კომპრომისული ნაბიჯები გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს. ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი. ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის.

საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ რაც შეგვეხება, ვერავინ დაადანაშაულებს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ჩვენ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა
შემდეგი სტატიაჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო