ქართულმა მხარემ უკრაინის ელჩი დაიბარა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, შეშფოთება გამოხატა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმირების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვთან, დაიბარეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა “უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო”.

უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ “მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს” და იმედი გამოთქვეს, რომ “უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს”.

უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

“მე ვაცნობიერებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ, ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობების წინაშე არსებული გამოწვევა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან” – განაცხდა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება
შემდეგი სტატია“ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტი”