ქართულმა მხარემ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

ჟენევის მოლაპარაკებებში ზოგიერთი მონაწილის მხრიდან, ძალის გამოუყენებლობის საკითხის განხილვისას, ადგილი ჰქონდა თემის პოლიტიზების მცდელობას , – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის შესახებ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ არაერთგზის, ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, მანაც აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამუშაო რეჟიმში, დღის წესრიგის შესაბამისად.
“6-საათიანი მუშაობის შემდეგ, როცა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა დღის წესრიგის მეოთხე საკითხი – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ხოლო მოგვიანებით მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციიდან დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რის გამოც, თანათავმჯდომარეები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ მუშაობა, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.
მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უსაფრთხოების ვითარება. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან დადებული ე.წ. “ხელშეკრულებების” იმპლემენტაციის შედეგებზე, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მილიტერიზაციაზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ე.წ. სამხედრო მინისტრის განცხადებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფი შესაძლოა აფხაზეთის გარეთაც ჩაერთოს სამხედრო ოპერაციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა და ძალის არგამოყენების გარანტიების შექმნის აუცილებლობას.
ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ძალის არგამოყენების საკითხის განხილვისას ადგილი ჰქონდა თემის პოლიტიზების მცდელობას, რაც ითვალისწინებდა რუსეთის, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და საოკუპაციო ძალის – პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ არაერთგზის, ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, მანაც აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების თვითიზოლაციის პოლიტიკას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას სპეციალური საშვების რეჟიმს უწესებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასაადგილებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, ასევე ე.წ. “საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებს.
მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სოფელ აძვში ეკლესიის ეზოდან ადამიანების გატაცების ფაქტი.
“საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის ხელოვნური დაყოვნება რისკის ქვეშ აყენებს ადგილზე სტაბილურობას. მათ მოუწოდეს დანარჩენ მონაწილეებს, საქართველოს დელეგაციის მსგავსად, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში და უარი თქვან შეხვედრების დატოვების პრაქტიკაზე.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ დღის პირველ ნახევარში ადგილი ჰქონდა რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან ჰუმანიტარული ჯგუფის ხელოვნური პოლიტიზების მცდელობას, მოლაპარაკებების ფარგლებში დამკვიდრებული პრაქტიკის უგულებელყოფით. მაგრამ საქართველოს დელეგაციისა და თანამოდერატორების კონსტრუქციული მიდგომის შედეგად შესაძლებელი გახდა მდგომარეობის ნორმალიზება”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის ფაქტებზე და მოითხოვეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
“საკითხის განხილვისას საქართველოდან მონაწილეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა, რათა სათანადოდ შეფასდეს, თუ როგორ ხდება მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დაცვა. დისკუსია გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე და აღინიშნა, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით.
შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე, თუმცა, სამწუხაროდ, მონაწილეებსა და თანამოდერატორებს არ მიეცათ საშუალება, კონსტრუქციულად დაესრულებინათ დისკუსია. იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვის საკითხზე არსებითი პროგრესის აუცილებლობაზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა საქართველოდან არაერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა.
საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეს ეუთოს-ს მხრიდან, ანჯელო გნედინგერს, ასევე ევროკავშირის მხრიდან მეორე სამუშაო ჯგუფის თანამოდერატორს, მაგდალენა გრონოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
8 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო სესია კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ”, -ნათქვამია განცხადებაში..
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი 8-9 დეკემბერს შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი გაიმართება 22-23 მარტს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის განცხადებით ერაყში თურქი სამხედროები ერაყის თხოვნით შევიდნენ
შემდეგი სტატია“თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა”- უსუფაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს