ქართული ფული რუსული კომპანიის ანგარიშზე – სად ირიცხება ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი

უკვე სამი წელია საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რუსული კომპანიის ანგარიშზე ირიცხება. რუსეთში დაფუძნებული „ვლად ნეფტ პროდუქტი“ ის კომპანიაა, რომლის ანგარიშზეც საქართველოს ბიუჯეტიდან უკვე 15 მილიონი ლარი გადაირიცხა. 2 წლის განმავლობაში, კომპანიამ 30 ტენდერი მოიგო. არ დარჩენილა თითქმის არცერთი მუნიციპალიტეტი, საიდანაც რუსული კომპანიის ანგარიშზე ასობით ათასი ლარი არ გადაირიცხა. რეკორდსმენი ლანჩხუთს გამგეობაა, გურიამ რუსულ კომპანიას მილიონ 100 ათასი ლარის დაკვეთა მისცა.

რუსული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წელს დაფუძნდა. ზუსტად თვენახევარში კი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტენდერი მოიგო. ასე აღმოჩნდა მის ანგარიშზე პირველი 296 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტებისა და ააიპ-ების გარდა, რუსულმა კომპანიამ 2016 წელს შსს-ს ტენდერშიც გაიმარჯვა.

ინფორმაცია რუსული კომპანიის საქართველოში ოპერირების შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „აიფაქტის“ მკვლევარებმა მოიძიეს. გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ „ვლად ნეფტ პროდუქტის“ დოკუმენტაციის შესწავლის დროს აღმოაჩინა, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ბაზარზე. სახელმწიფო უწყებები მას უკვეთავენ ისეთი ტიპის სამუშაოებს, რომლის განხორციელებაც თავისუფლად შეუძლიათ ქართულ კომპანიებს.

კომპანია „ვლად ნეფტ პროდუქტის“ შესახებ ინტერნეტში ბევრი მონაცემი არ იძებნება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანიის ცენტრალური ოფისი ჩრდილოეთ ოსეთშია რეგისტრირებული, მისი ძირითადი საქმიანობა კი თევზეულის წარმოება და ამ პროდუქტით ვაჭრობაა. საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც უკვეთავენ.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ხალხის ფულით რუსული კომპანიის დაფინანსება საქართველოს მთავრობის რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკის კიდევ ერთი ნაწილია.

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფის“ საქმე და მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი – ივანიშვილი ბიზნესისთვის ჯარიმის მოხსნაზე გადაწყვეტილებას პირადად იღებდა
შემდეგი სტატიასენცოვი ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის კანდიდატი გახდა