ქართული ფილმის ჩვენება მინსკში

21 ივნისს მინსკში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართება, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება. მასზე აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები. ფილმი გადაღებულია 2015-2016 წლებში და მიეძღვნა ჩივაძის 60 წლის იუბილეს.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორები არიან საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ბელარუსის ფეხბურთის ვეტერანები,ნორჩი სპორტსმენები, საზოგადოების წარმომამდგენლები, ბელარუსში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი ჟურნალისტები, ლეგენდარული ფეხბურთელები ა. ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი, ფილმის რეჟისორი გოგი თორაძე და ჩვენების ერთერთი ინიციატორი თ. პაჭკორია .

22 ივნისს კი მინსკში, ეროვნული კულტურების რესპუბლიკურ ცენტრში გაიმართება იგივე ფილმის ჩვენება ბელარუსში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის. ამ -მეორე- ჩვენების ორგანიზატორები არიან ბელარუსში მოქმედი ქართული საზოგადოება ” მამული” ( თავმჯდომარე კახი პაკაწოშვილი) საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. ფილმის ჩვენების შემდეგ ქართული დიასპორის წევრებს მიეცემა საშუალება პირადად გაესაუბრნონ ლეგენდარულ ფეხბურთელებს ა. ჩივაძეს და ვ. გუცაევს.
ამ ფილმის ჩვენება მინსკში ემსახურება საქართველოს სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციას, ორივე ქვეყნის მეგობრული ურთერთობების განვითარებას.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ გოგი თორაძეს გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმი, მათ შორის 15 სპორტულ თემატიკაზე ( “ჩვენი ფეხბურთი ” , “ფეხბურთის პროფესორი” ( ა.ჩივაძეზე), “ქართული კალათბურთი “, ” ოვალური ბურთი”( ქართულ რაგბზე), “სნაიპერი” ( ნინო სალუქვაძეზე), “კომენტატორი” ( კოტე მახარაძეზე), “ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი” ( ჯამლეტ ხუხაშვილზე), “ქართველი მორკინალები” (ქართული ჭიდაობის ისტორიაზე), აგრეთვე დოკუმენტური ფილმები ილია მეორეს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის, დიმიტრი ამილახვარის, არიელ შარონის მოღვაწეობაზე და სხვ.
გოგი თორაძის რამდენიმე ფილმი სპორტულ თემაზე ნაჩვენები იყო ასტანაში (2018 წლის სექტემბერი), რიგაში ( 2018 წლის ოქტომბერში), კიშინიოვსა და ოდესაში ( 2019 წლის აპრილი) და მიმდინარე წლის მაისში ლისაბონში ადგილობრივი სპორტსმენებისათვის და იქ არსებული ქართული დიასპორების წარმომადგენლებისთვის. მისი რამდენიმე ფილმი სპორტულ თემაზე გახდა მილანის, ნეაპოლისა და ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს
შემდეგი სტატიამთავრობაში მორიგი ცვლილება იგეგმება