ქართული ფილმის ჩვენება ლისაბონში

რ.ბეშიძე, ბ.მახარაძე და თ.პაჭკორია ლისაბონში 
ქართული ფილმის ჩვენება ლისაბონში

30 მაისს ლისაბონში საქართველოს საელჩოში პორტუგალიაში გაიმართა ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის ” ჩვენი ფეხბურთის” ჩვენება. ფილმი გადაღებულია 2012 წელს, ის აღიარებული იქნა 2013 წლის მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალის “სპორტი კინოსა და ტელევიზიაში” საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად. 30 წუთიან ფილმში ჩატეული ქართული ფეხბურთის საუკუნოვანი ისტორია, გამოყენებულია XX-XXI საუკუნის უნიკალური კინო და ვიდეო არქივი და ფოტომასალები.
ფილმის ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიაში რეზო ბეშიძე და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ჩვენებას ესწრებოდნენ პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები,საქართველოს საელჩოს თანაშრომლები, მათ შორის იყო ლეგენდარული ქართველი კომენტატორის კოტე მახარაძის ქალიშვილი ბარბარე მახარაძე (საელჩოს მრჩეველი).
სიტყვით გამოსვლისა ბატონმა რეზო ბეშიძემ აღნიშნა, რომ ფილმის ჩვენება ემსახურება საქართველოს სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციას, მან ხაზი გაუსვა ქართული სპორტის და კერძოდ ფეხბურთის უნიკალურ ისტორიას და მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში.

რ.ბეშიძე, ბ.მახარაძე და თ.პაჭკორია ლისაბონში

თენგიზ პაჭკორიამ აცნობა დამსწრე საზოგადოებას, რომ ბატონმა გოგი თორაძემ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა ამ ეტაპზე ლისაბონში ჩამოსვლა- ამჟამად რეჟისორი მუშაობს საქართველოში ახალ ფილმზე. მან გააცნო დამსწრეებს რეჟისორ გოგი თორაძეს შემოქმედებითი ბიოგრაფია, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გ.თორაძეს გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმი, მათ შორის 15 სპორტულ თემატიკაზე ( “ჩვენი ფეხბურთი ” , “ფეხბურთის პროფესორი” ( ა.ჩივაძეზე), “ქართული კალათბურთი “, ” ოვალური ბურთი”( ქართულ რაგბზე), “სნაიპერი” ( ნინო სალუქვაძეზე), “კომენტატორი” ( კოტე მახარაძეზე), “ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი” ( ჯამლეტ ხუხაშვილზე), “ქართველი მორკინალები” (ქართული ჭიდაობის ისტორიაზე), აგრეთვე დოკუმენტური ფილმები ილია მეორეს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის, დიმიტრი ამილახვარის, არიელ შარონის მოღვაწეობაზე და სხვ.
გოგი თორაძის რამდენიმე ფილმი სპორტულ თემაზე ნაჩვენები იყო ასტანაში (2018 წლის სექტემბერი), რიგაში ( 2018 წლის ოქტომბერში), კიშინიოვსა და ოდესაში ( 2019 წლის აპრილი) ადგილობრივი სპორტსმენებისათვის და იქ არსებული ქართული დიასპორების  წარმომადგენლებისთვის, გაშუქდა ქართულ და უცხოურ პრესაში.

 

banner
წინა სტატიაშიგუშინ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ირანისთვის С-400-ების მიყიდვაზე უარი თქვა