„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბებში ნაადრევი ზეიმი მალევე ჩაიშალა.

ოვაციები, ყვავილების თაიგული და მილოცვები – „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბებში ნაადრევი ზეიმი მალევე ჩაიშალა.

სახელისუფლებო გუნდის პარტიულ კვლევაზე 15 პროცენტიანი ცდომილებით, რომელმაც მმართველი უმრავლესობა აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, დღეს აღარაფერი უთქვამთ.

მმართველი გუნდის მსგავსად მედიასთან კომენტარი არც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა არც ერთ სიტყვა არ უთხრა არც იმ 615 ათას ამომრჩეველს, ვინც საარჩევნო ბიულეტინში მისი სახელი შემოხაზა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს კამერების წინ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთან, მიხეილ კენჭიაშვილთან ერთად გამოჩნდა. ძალოვანი უწყებიდან დაცვა ზურაბიშვილის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატის, გასაკონტროლებლად გამოყვეს. შინაგანს საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ კენჭიაშვილი მათი თანამშრომელი იყო, თუმცა სამსახურიდან ორი კვირის წინ წავიდა.

გუშინდელი დღის მერე სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა დაიძაბა, დღეს ზურაბიშვილი არც შტაბში მისულა და არც პარტიის ოფისში.

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებამ გააბრაზა, რომელმაც თქვა, რომ პარტიის მთავარი შეცდომა ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო. დღეს კალაძე მედიასთან შეცვლილი რიტორიკით და შეცდომებზე საუბრით გამოირჩეოდა.

„ქართულ ოცნებას“ დღეს უპასუხო კითხვების დღე ჰქონდა. მამუკა ბახტაძემ ხალხის საპასუხო გზავნილი ფურცლიდან წაიკითხა და არ მოუსმენია მთავარ კითხვას – რატომ იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ ზურაბიშვილის გამარჯვება მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვა იყო.

„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზადება მეორე ტურისთვის დაწყებულია, თუმცა რის შეცვლას გეგმავს მმართველი პარტია ერთი თვის ვადაში, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – “ქართული ოცნების“ გემი სანაპირომდე ვერ მივა