„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა და ჟურნალისტებს კადრები აჩვენა, სადაც ჯიხაშკარში, ზარანდიების საცხოვრებელ სახლთან მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.

ჩიქოვანის მტკიცებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრები და მხარდამჭერები, ოჯახის უარის მიუხედავად, ზარანდიებს სახლში შეუვარდნენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ მათ ჩამოყვანილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ზუგდიდზე და არც ზუგდიდელებზე, თუ რა ღირებულებებით ვცხოვრობთ ჩვენ ამ ქალაქში. ნურავინ ნუ გამოიყენებს ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნას დაძაბულობის კერები. იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, ცდილობენ, რომ არიონ სიტუაცია პროვოკაციების გზით, საზოგადოება გააღიზიანონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდად ჩაიაროს ამ ერთმა კვირამ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ბრალდებას უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. როგორც ჟურნალისტებს გაერთიანების ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც კადრებში ფიგურირებს, განუცხადა, ვიდეომასალა სრულად არ არის მოწოდებული. მისივე თქმით, ზარანდიებმა თავად მიაყენეს მათ მომხრეებსა და წევრებს შეურაცხყოფა.

„ძალიან სამწუხარო არის, რომ „ქართულო ოცნება“ აგრძელებს სიყალბეს და ეს კადრებიც არის დამონტაჟებული. ყველაფერი, პირველ რიგში, დაიწყო იქიდან, რომ ეს ადამიანები ჯიხაშკარის მაცხოვრებელებს აშინებენ და ხელს უშლიან საარჩევნო შეხვედრის ჩატარებაში. ჩვენ ვაწარმოებდით კარდაკარ შეხვედრებს, როდესაც ეს ადამიანები – ძმები ზარანდიები გამოვარდნენ აგრესიულად, შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ ადამიანებს, გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და მათ შორის, თავს ესხოდნენ ქალბატონებსაც“, – თქვა მინაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ კამპანიაში არიან ჩართულები. მინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი წარმომადგენლები, მათ შორის, რუსლან შამახია, ეზოში სიტუაციის განსამუხტად და ზარანდიების დასაწყნარებლად შევიდა.

banner
წინა სტატიაშისს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი გემთმფლობელდა ოპერატორ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილმა სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა