,,ქართული ოცნების“ სახეები სამეგრელოში

2hDnkBJfGkAზუგდიდის ცენტრში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე პარლამენტარობის კანდიდატები რიგში პიონერული მოწყობით პრემიერის დასახელების შემდეგ ჩადგნენ. თითოეულის სცენაზე ასვლას ხალხის მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა. ერთმა ქალბატონმა პრემიერს ტრიბუნიდან ჩამოსვლისას რამდენიმე წინადადება დააწია: ხალხმა მომავალი სად ვეძებოთ? ქვეყნისთვის სად და როდის ფიქრობთ? ესენი არიან ხალხის იმედი? ჩვენი პენსიები, მუშების ფული სად არის?!.
დეპუტატობის არც ერთი კანდიდატი წარდგენაზე სიტყვით არ გამოსულა და ხალხთან გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტებზე, ან სამოქმედო გეგმაზე არ უსაუბრია. სამეგრელოს მოსახლეობის პრობლემებზე და მათი მოგვარების მექანიზმებზე აწი იფიქრებენ. კანდიდატებისგან განსხვავებით პრემიერმა თავის გამოსვლაში პრიორიტეტებზე ისაუბრა და ერთ-ერთ წარმატებად ანაკლიის პორტის პროექტი დაასახელა. 10-წუთიან „ქართული ოცნების“ ქება- დიდებას ხალხის რიგებში სხვადასხვა ხმაზე წარმოთქმული შეძახილი მოჰვა, _ პორტი „ნაცების“ პროექტია. ამდენად, პრემიერის გამოსვლამ ხალხი ვერ დააიმედა და გუბერნიის წინ მოედანზე თავად მიმოიხილავდნენ მთავრობის 4-წლიანი მმართველობის წარუმატებლობას.
წარდგენის დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საზოგადოებაც უკმაყოფილო იყო: „ყველაფერი გაჩერებულია! როგორადაც არ უნდა შევეცადოთ კარგი წინასაარჩევნო განწყობის შექმნას, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობას ვერ შევალამაზებთ. ანაკლია-განმუხურში ყველა მშენებლობა გაჩერებულია, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში მიმდინარეობდა. ახლის შენება კი არა, ის პროექტებიც გაჩერებულია, რომელთა საძირკველი ჩასხმული გადაიბარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ! ანაკლიის ნაპირის 3 მეტრზე მეტი ზღვამ ჩარეცხა, ნაპირის მეორე მხარე კი _ მდინარე ენგურმა, არაბეთიდან ანაკლიის ცენტრამდე ჩამოტანილი რამდენიმე ძირი პალამაც თან ჩაიტანა. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ჩამოტანილი ბეტონის ფილები ზღვის სანაპიროს ქვაყრილად დღემდე შემორჩა. ობიექტურობა ვინმემ რომ არ დაგვიწუნოს, ამ ხელისუფლების სიახლედ განმუხურში ღია საპირფარეშოს მშენებლობა უნდა მივიჩნიოთ“.
სოფლის რწმუნებულებზე კვოტა იყო გაწერილი, რაიონების გამგებლებს პედაგოგებისა და ექიმების კოლექტივზე ცალკე დავალება ჰქონდათ გაცემული და მათ ჩამოსაყვანად სპეციალურად გამგეობიდან ავტობუსები გამოიყო. მარტვილში აქციაზე მიყვანილ პედაგოგებს გამგებელი სიის მიხედვით აცხადებდა. თითოეული პედაგოგი პიონერულად პასუხობდა, _ ვარ! თითოეულ პოლიციელს ევალებოდა, ოჯახის წევრებით მოსულიყო.

„ქრონიკა+“ შეეცდება, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დასახელებულ დეპუტატთა საქმიანობის დეტალები აუხსნას:

მერაბ ქვარაია დღეს „ქართული ოცნების“ სახეა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც.
2012 წელს ის ირაკლი ალასანიას შტაბის ხელმძღვანელი იყო, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აქტიური წევრი. როცა ალასანიამ თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა, მერაბ ქვარაია მეორე დღესვე „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა. ბატონ მერაბს ეს ნაბიჯი მაშინ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც და ძირძველმა ზუგდიდლებმაც დაუწუნეს. ასე რომ, მას მერყევ პოლიტიკოსად იცნობენ. ალასანიას პარტიაში მერაბ ქვარაიას მისმა მეგობარმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაუწია რეკომენდაცია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატად და შემდგომ თავმჯდომარედაც აერჩიათ. დღეს კი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ორივე ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატობაზე იბრძვის _ მერაბ ქვარაია „ქართული ოცნებიდან“, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოს უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტიც, რომ მერაბ ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კონჯარიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა. ასე რომ, მათ მეგობრულ და ახლობლურ ურთიერთობებს პარტიული ინტერესები კვეთს და როგორც მაჟორიტარ კანდიდატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ დეპუტატობისთვის ბრძოლა მოუწევთ. მერაბ ქვარაიამ წინასაარჩევნო აქტიურობა ერთი მნიშვნელოვანი დეტალით დაიწყო _ კორცხელის ინციდენტში მონაწილე კუნთმაგარ სპორტსმენებს სახლში კალაძის დავალებით უმასპინძლა, ხოლო შემდგომ ისინი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შეაფარა.
მერაბ ქვარაიასთვის „ქართული ოცნება“ რიგით მესამე პარტიაა და ასევე მესამედ გამოცდის ძალებს პარტიულ კარიერაში. ქვარაია 2003 წელს „აღორძინების“ გამსვლელ სიაში ეწერა და ასლან ბაბუს პარტიიდან დეპუტატობაც დიდი ალბათობით გარანტირებული ჰქონდა, რომ არა „ვარდების რევოლუცია“.
ქვარაია საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს საკუთარი კეთილდღეობისთვის მზრუნველი საჯარო მოხელე დადგა. თუ მის დეკლარაციაში ქონებრივი ჩამონათვალის მიხედვით ვიმსჯელებთ, მისი ქონება, ძირითადად, სწორედ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდშია შეძენილი. ოპონენტებისა და საკრებულოში თანაგუნდელების ვერსიებს ქვარაიას „ატკატებზე“ ქონებრივი დეკლარაციის „სიუხვეც“ ამართლებს. ჩვენი წყაროს ინფორმაცია სხვადასხვა არხითაც გადავამოწმეთ და ამ მტკიცებულებების მიხედვით თუ ვისაუბრებთ, მას „ატკატების“ წილი ზედმიწევნითი არითმეტიკული გათვლებით დაულაგებია.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას ქონების ნაწილის ოფიციალური ჩამონათვალი:
ბინა _ ქ. თბილისი, გურამიშვილის #77, ფართობი 124 კვ.მ.;
მეუღლის, ქეთევან ყიფიანის სახელზეა ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტ., მე-4 კორპუსი, ბინა #16, ფართობი 64 კვ.მ.;
მეუღლის, ქეთევან ყიფიანის სახელზე გადაფორმდა ბინა თბილისში, ნუცუბიძის 221, I სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა #21, ფართობი 64 კვ.მ.;
დედის, ლალი შონიას სახელზეა გადაფორმებული არასაცხოვრებელი ფართი ქ. ზუგდიდში ცოტე დადიანის #3-ში, ფართობი 2225 კვ.მ.;
ძმის, მამუკა ქვარაიას სახელზეა გადაფორმებული არასაცხოვრებელი ფართი ქ. ზუგდიდში, ბაქოს ქ. #13-ში, ფართობი _ 11.20 კვ.მ.;
საცხოვრებელი სახლი _ ზუგდიდი, ბაქოს ქ. 13, ფართობი 200.00 კვ.მ.;
საცხოვრებელი სახლი _ ზუგდიდი, ბაქოს ქ. #15, ფართობი 400.00 კვ.მ.;
საცხოვრებელი სახლი _ ზუგდიდის რაიონი, სოფ. ორსანტია, ფართობი 350.00 კვ.მ.;
საცხოვრებელი სახლი _ ქ. გალი, ჭავჭავაძის ქ. #5, ფართობი 400.00 კვ.მ. ძმის, მამუკა ქვარაიას სახელზე;
მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდის რაიონი, სოფ. ორსანტია, ფართობი 6000.00 კვ.მ., თხილნარით;
მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდის რაიონი სოფ. ორსანტია, ფართობი 15000.00 კვ.მ., თხილნარით.
მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდის რაიონი სოფ. ორსანტია, ფართობი 18000.00 კვ.მ., თხილნარით;
მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდი, ბაქოს ქ. #13, ფართობი 600 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი _ გალის რაიონი, პირველი გალი, ფართობი 1500.00 კვ.მ., ძმის, მამუკა ქვარაიას სახელზე;
მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდი, ბაქოს. ქ #15, ფართობი 800.00 კვ.მ., დედის, ლალი შონიას სახელზე.
(ქონების 80% შეიძინა საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში. კერძოდ: 2 ბინა ქ. თბილისში; მიწის ნაკვეთები სოფელ ორსანტიაში 4 ჰა; არასაცხოვრებელი ფართი ქ. ზუგდიდში 2225 კვ.მ. ქალაქის ცენტრში; კომერციული ფართი ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც აქვს სუნამოს მაღაზია; ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზარში რამდენიმე ფართი; მისი ძმა დღემდე უკანონოდ ეზიდება სვანეთიდან ხე-ტყის მასალას).
ამ ჩამონათვალს სიახლედ დაემატა რამდენიმე დღის წინათ შეძენილი ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰამერი“.
მერაბ ქვარაიას ძმა _ მამუკა ქვარაია, 2012 წლის არჩევნების შემდგომ, მალევე ჩაერთო ხე-ტყის ბიზნესში და თავისი კლანიც ჩამოაყალიბა. ის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა გუბერნატორ ლევან შონიასთვის. შონიასა და ქვარაიას ბიზნესინტერესების გარდა ნათესაური ურთიერთობაც აკავშირებთ დედის, ლალი შონიას მხრიდან. ასევე მისი ძმის, მამუკა ქვარაიას მეშვეობით გროვდება ხე-ტყის „ობშიაკი“, რომელიც სამი ოფიციალური უწყების გასაყოფია. ფინანსური პოლიცია ერთ-ერთი ის უწყებაა, რომელსაც უკანონო ხე-ტყის გადაზიდვაზე კონტროლი ევალება. სწორედ ასეთი მფარველობის გამო რეგიონის ფინანსური პოლიციის უფროსს, ლევან კაკავას, BMჭ-ს მარკის ავტომანქანა აჩუქეს, რომელიც მისი მეუღლის, ნანა აბშილავას სახელზე დარეგისტრირდა. იგი ამჟამად საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს, ხოლო თავად ლევან კაკავა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დააწინაურეს.
2004-2005 წლებში მერაბ ქვარაია კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როდესაც ის დააკავეს, პროკურატურა მას ედავებოდა საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და „ქაღალდზე“ არასწორი საბანკო ოპერაციების შესრულებას სხვადასხვა იურდიულ და კერძო პირზე, საიდანაც თანხას რიცხავდნენ, შემდეგ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სახით უკან იღებდნენ და საგადასახადო მაქინაციების გამოყენებით ბიუჯეტის თანხებს დიდი ოდენობით ითვისებდნენ. ის წლების მანძილზე იმყოფებოდა ციხეში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეკა ბესელიას „პოლიტპატიმრების“ სიაში მოხვდა, დღეს კი საკრებულოს თავმჯდომარეა და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, სვანური კოშკის ისტორიას უკავშირდება: კოშკი დიდი ხანია, ნიკოლაძის ქუჩის თვალსაჩინო შენობა-ნაგებობაა. მეპატრონეს, აწ გარდაცვლილ არეთა კვიციანს, კოშკის გარშემო ტერიტორიის ნაწილი იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსგან და კომერციულ ფართებს აქირავებდა. შვილი, კახა კვიციანი, წინა ხელისუფლების დროს დიდი ხანი ცდილობდა ამ ტერიტორიის საკუთრებაში გადმოფორმებას. მიუხედავად მცდელობისა, მან ვერ მოახერხა საკუთრებაში ფართის დარეგისტრირება.
რამდენიმე თვის წინათ, ქვარაიასთან გარიგების შედეგად, როგორც წყარო აკონკრეტებს, 10 000 დოლარის გადახდის შემდეგ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ სიტყვა შეასრულა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ფართი კახა კვიციანს კერძო საკუთრებაში გადასცა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ გარიგების დეტალებზე სატელეფონო ჩანაწერებიც არსებობს. სამართალდამცველი ორგანოებისთვის სატელეფონო ჩანაწერების გარდა საკრებულოს დოკუმენტაციაც დარღვევის უტყუარი მტკიცებულება იქნება.

1111111_resize
ამ საქმეში ასევე ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას სახელი ამოტივტივდა. ის ბიძინა ივანიშვილის კურსელია. „ატკატების“ მამად ცნობილი გია გულორდავა რამდენჯერმე გაეხვია სკანდალში. შპს სამშენებლო კომპანიებისთვის სატენდერო პირობების წინასწარი შექმნისთვის, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სოლიდური წილების აღებაში ოპოზიციური საკრებულოს წევრები ადანაშაულებენ. მას ასევე კომპანიის მეპატრონეებთან თავისი „სტავკები“ აქვს.
„ქრონიკა+“  ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ფაქტის დეტალების დაზუსტებას შეეცადა:
„შპს ამი 2014“-ის მეპატრონე, ამირან კარტოზია, დღეს მიმალვაშია, მიზეზი გია გულორდავას „ატკატების“ წილი გახდა. ეს თემა ქურდული სამყაროს გარჩევის მიზეზიც იყო. მოსკოვსა და თურქეთში ქურდებს სატელეფონო „რაზბორკებით“ ამ ფაქტზე დიდი მსჯელობა ჰქონდათ. წყაროზე დაყრდნობით ვიცე-მერმა გია გულორდავამ ამირან კარტოზია სამსახურში დაიბარა. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ვიცე-მერმა გულორდავამ, სანდოობის თვალსაზრისით, ამ საქმეში ზუგდიდის „მაყურებელი“, ხვიჩა ცხაკაია ჩარია. გაუხმაურებლობის გარანტიის შემდეგ თანხა პირადად ამირან კარტოზიამ გადასცა. წინასწარი შეთანხმებით, თანხა მეპატრონისთვის ერთ თვეში უნდა დაებრუნებინათ. მოგვიანებით, ამირან კარტოზიას შეუთვალეს, რომ კიდევ ერთ მსხვილ ტენდერს მოაგებინებდნენ და თანხას მოგების სახით ამ სამუშაოდან ამოიღებდა. ასე რომ, თანხა ვიცე-მერმა ჩვეულებრივ „ატკატების“ წილში ჩაითვალა. ამ პერიოდს დაემთხვა ტენდერების ქსელის მაქინაციურ გარიგებებზე ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს წევრების პროტესტი და ხმაური, რამაც „შპს ამი 2014“-თან დადებული გარიგება ჩაშალა. საბოლოოდ, „ატკატებში“ წასულმა თანხამ შპს-ს ფინანსური კრიზისი შეუქმნა, რის გამოც მუშებს ფული ვერ გადაუხადეს. ქვაფენილის დაგებაზე მომუშავე ოთხმოცამდე მუშა დღესაც ხელფასს ელის. უმეტესობა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. თვეობით ფიზიკურად ნამუშევარი თანხის მოთხოვნით მუშებმა რამდენიმე აქცია პროკურატურასთან და გუბერნიასთან ჩაატარეს, თუმცა უშედეგოდ. მეტიც: ზუგდიდში ჩამოსულ მინისტრ წულუკიანს გზაზე გადაუდგნენ და მოთხოვნები პროტესტის ამ ფორმით გააცნეს. დაპირება კი მიიღეს, მაგრამ ესეც უშედეგოდ! ატეხილი ხმაურისგან ფინანსური პოლიცია იძულებული გახდა, გამოძიება დაეწყო. საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე მუშა დაიკითხა. ჩვენი ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ამირან კარტოზიამაც უკვე მისცა ჩვენება, რაც ასევე ქურდული გარჩევის თემა გახდა. „მაყურებელმა“ ხვიჩა ცხაკაიამ შპს-ს მეპატრონე კარტოზია რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებთან არ ეთანამშრომლა და საქმე სხვა გზით მოგვარდებოდა.
„ქრონიკა+“-ისთვის ამ საქმის უფრო კონკრეტული დეტალებიც გახდა ცნობილი: როგორც ამირან კარტოზიას გაჩუმების მიზეზად განუცხადეს, ამ თანხის ნაწილი, 95 000 ლარი, „კანონიერი ქურდის“, ლ. მარღიას „სამშვიდობოს“ გადასაყვანად დაიხარჯა. „კანონიერი ქურდი“ უკრაინაში დააკავეს და საქართველოში დეპორტით გამოუშვეს. თანხა, რომლზედაც საუბარია, წყაროს ინფორმაციით, სასწრაფოდ კალაძესთან უნდა ჩაეტანათ, რომ „კანონიერი ქურდისთვის“ პასპორტი ერთ დღეში გაეკეთებინათ და თურქეთის, ან სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გადაეყვანათ. ამ საქმის „ქურდულად“ გარჩევაში გულორდავას ინტერესებს იცავდნენ გალელი ქურდები გიზო და გელა ქარდავები, ხოლო ამირან კარტოზიამ თურქეთში მყოფი „კანონიერი ქურდი“, როლანდ გეგეჭკორი ჩარია. თურმე, საქმის ჯვარედინი გარჩევა მიმდინარეობდა. ამირან კარტოზიასთვის ქურდების „სარეზოლუციო“ ნაწილს „უთქმელობის“ ვალდებულებაც მოჰყვებოდა. გარჩევის მიხედვით მას თანხა ეკუთვნის, თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა „ქურდული კანონების“ გადაწყვეტილება კონკრეტიკას არ შეიცავს. ბატონ ამირანს დღესაც არ აქვს პასუხი, ვინ, როგორ და რა დროს გადაუხდის ამ თანხას. ამირანის და ციალა კარტოზია ძმის ამ დეტალებზე ფრთხილად საუბრობს და განმარტავს, რომ ეს საუბრები პირადად მან მოისმინა ისე, რომ მისმა ძმამ ვერ შეამჩნია. თუმცა რომელი ქურდი რა დროს ელაპარაკა, თუ როგორ ავალდებულებდნენ უთქმელობაზე შეთანხმების დაცვას, კარგად ახსოვს.
კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც ვიცე-მერ გულორდავასთან არის დაკავშირებული, მისი შვილი გოგა გულორდავაა. ის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
მამა-შვილ გულორდავების ბიზნესის სია საკმაოდ შემოსავლიანი და გრძელი ჩამონათვალია. გოგა გულორდავა დღეს მოქმედი გამგებელია. თუ მასსა და მამის საქმიანობას შორის პარალელს გავავლებთ, დიდი მსგავსებაა. მამა-შვილს ბიზნესი დაყოფილი აქვს. წალენჯიხის გამგებელ გულორდავას ოპონენტები სხვადასხვა სახის გარიგებაში ადანაშაულებენ. წინასწარ შექმნილი სატენდერო პირობების შედეგად მისი ლობირების ქვეშ მყოფი ყველა სამშენებლო კომპანია ტენდერს იგებს. სამუშაოებს სანამ ტენდერზე გაიტანენ, უკვე გადაწყვეტილია, რომელმა კომპანიამ უნდა იმუშაოს: წინასწარი გათვლებით დაარეგისტრირეს რამდენიმე სამშენებლო კომპანია ტენდერებზე ფიქტიურად მონაწილეობისთვის. ამ კომპანიებიდან სხვადასხვა დროს ტენდერს ერთ-ერთი მაინც იგებს და ყველა ერთი მაღალჩინოსნის ლობირების ქვეშ არის. მეპატრონეებსაც ერთმანეთთან ნათესაობა ან ბიზნესმეგობრობა აკავშირებთ. სამუშაოს ტენდერზე გატანამდე წინასწარ შერჩეული შპს სამშენებლო კომპანიისთვის ასევე წინასწარ დგება სატენდერო პირობები და მოთხოვნაში ისეთი პუნქტები ეწერება, რომელსაც მეორე კომპანია ვერ დააკმაყოფილებს. შერჩეული სამშენებლო კომპანიისთვის კონკურენტებიც დასახელებულია, ამდენად ამ ფაქტს არც ერთი მათგანი არ აპროტესტებს…
თუ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, მისადგომებთან გამგებელ გოგა გულორდავასა და ჯონი ჭანიას რესტორანი გაგიმასპინძლდებათ. ჯონი ჭანიას მეუღლე დარეჯან დადიანი წალენჯიხის საკრებულოს წევრია და საკრებულოში გოგა გულორდავას ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელია. ამ რესტორანს სხვა დატვირთვაც აქვს, _ საიდუმლო შეხვედრის ადგილია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ რესტორანში ენგურჰესის მანქანით გადმოჰყავთ, მანქანებზე „ფსბ“-ს საშვით სარგებლობენ და არც ერთ საგუშაგოზე მათი გაჩერების უფლება არავის აქვს, არც ენგურს გაღმა და არც ენგურს გამოღმა. ამ სასტუმრო-რესტორანს ორჯერ თამაზ თამაზაშვილიც სტუმრობდა. სწორედ აქ შედგა ხე-ტყის ბიზნესინტერესებზე შეთანხმება: წილები გუბერნატორ შონიაზე, გენერალ თამაზაშვილზე, ეკა ბესელიასა და გოგი ნაჭყებიაზე გადანაწილდა. სამინისტრომ, რომელსაც გარემოს დაცვა და ხე-ტყის კონტროლი ევალება, მინისტრის ჩათვლით, ბევრი ხელმძღვანელი გამოიცვალა, თუმცა წილების სქემა უცვლელი დარჩა.

gulordava-mosize
გოგა გულორდავას ბიზნესი მრავალფეროვანია:
თბილისში ვაშლიჯვარში სტომატოლოგიური კლინიკა;
თბილისში დიდუბის რნ-ში, აკ. წერეთლის #72-ში განთავსებული „შპს ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“ (დირექტორი);
თბილისში „შპს დალმაქს გრუპი“;
გოგა გულორდავას ქონებრივ ჩამონათვალს დაბა ჯვარში პურსაცხობი და ბენზინგასამართი სადგურიც ემატება;
„მიდას დეველოპმენტი“ _ 50 000 კვ.მ. ფართით, რომელიც გამგებელ გოგა გულორდავას კომპანიის სახელზეა გაფორმებული.
ეს არასრული ჩამონათვალია დეპუტატობის კანდიდატის ბიზნესიდან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქონების 90% ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა.
„ქრონიკა+“ ამ ქონების ჩამონათვალსაც შემოგთავაზებთ:
ბინა _ თბილისი, ვაშლიჯვარი, მე-11 კ. ბინა #5, ფართობი 72.00 კვ.მ.;
არასაცხოვრებელი ფართი _ თბილისი, ჯიქიას ქუჩა #5, ფართობი 280 კვ.მ.;
ბინა _ თბილისი, ტაშკენტის #31/51, ფართობი 32.00 კვ.მ.;
მამის, გია გულორდავას სახელზე მიწის ნაკვეთი _ ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაიში, ფართობი 2501.00 კვ.მ.;
მამის, გია გულორდავას სახელზე არასაცხოვრებელი ფართი _ თბილისი, ვაშლიჯვარი;
სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც გაფორმებულია მეუღლის, ნათია მოლაშხიას სახელზე;
არასაცხოვრებელი ფართი _ თბილისი, დიდუბის რაიონი, აკ. წერეთლის გამზ. #72, სადაც განთავსებულია „შპს ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“, რომლის დირექტორია გოგა გულორდავა;
„შპს დალმაქს გრუპი“, ქ. თბილისში;
არასაცხოვრებელი ფართი _ თბილისი, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ფართობი 50 000 კვ.მ., რომელიც გაფორმებულია გოგა გულორდავას შპს „მიდას დეველოპმენტის“ სახელზე.
დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს ერთი კვირის წინათ პრემიერ კვირიკაშვილმა წარუდგინა.
კიდევ ერთი დეტალი გოგა გულორდავას საქმიანობაში: ის ნასამართლებია თანხების მითვისებაზე, ხოლო მამამისი, ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, კომპანია „საოჯახო ლოტოს“ საბუთების გაყალბებაზეა ნასამართლები.
საკითხავია, ხელისუფლებამ რა კრიტერიუმებით შეარჩია მაჟორიტარი დეპუტატები?!

 “ქორონიკა+ “

ეკა ურიდია

banner
წინა სტატიაშილევან ქარდავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაკალაშოვის გასანთავისუფლებლად დაკარგული მილიარდები