გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოში საგარეო პოლიტიკის კურსზე მწვავე შეფასებები ისმის. ექსპერტები აცხადებენ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და ამ ვითარებაში დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ეტაპზე გადადის და ასეთ პირობებში საქართველოსთვის გადამწყვეტია ძლიერი მოკავშირეების — აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ირანთან მიმართებით, არაადეკვატურია და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს არ შეესაბამება.
“მსოფლიო გადადის გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდში. გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მოკავშირეები, როგორიც არის აშშ და ევროკავშირი. “ქართული ოცნების” პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა გვაქვს, განსაკუთრებით ირანის რეჟიმთან მიმართებით, როდესაც ხდება ანძის განათება ისლამური რევოლუციის აღსანიშნად, როდესაც ხდება ქართველების გენოციდის აღნიშვნა და აქედან გამომდინარე, ეს არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. უფრო გრძელვადიანად, რაც უფრო მეტად იქნება ჩართული დასავლეთი არა მარტო ირანში, არამედ სამხრეთ კავკასიაში, უკეთესია ეს ჩვენთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ვერ ახერხებს საკუთარი ამოცანების მიღწევას უკრაინაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიციები ვენესუელაში არის არა არტო დასუსტებული, არამედ განადგურებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ირანში იგივე ხდება, რუსეთს გამოეცალა ყველა მისი მოკავშირე და ეს რა თქმა უნდა, საქართველოს გრძელვადიანი, ეროვნული ინტერესებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. “ქართული ოცნების” პოლიტიკა აიათოლების რეჟიმისთვის ყოველთვის იყო კეთილგანწყობილი, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამებოდა. საქართველოში ოპერირებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის უნივერსიტეტი, რაც არის უფსართხოების გამოწვევა და ეს არ უნდა გაგრძელდეს. ამ ყოველივე ემატება აშშ-სა და ევროკავშრირის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომელთა აღსრულება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და საქართველო არ უნდა გახდეს ირანული შავი ფულის გათეთრების ერთ-ერთი ტერიტორია”, – აბობს გიორგი მელაშვილი.
„თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ივანიშვილის გუნდი დასავლეთის ნდობას კიდევ უფრო დაკარგავს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქ დგას, სადაც ძალას ხედავს და ამ ეტაპზე ირანის დაცვის მცდელობა ნაკლებად მოსალოდნელია.
“საქართველოს დიდი საფრთხე, ამ ეტაპზე, არ ემუქრება, “ქართული ოცნება” კი კიდევ უფრო დიდი ხნით დაკარგავს დასავლეთის ნდობას, მათ შორის, აშშ-ს, მაგრამ რას იზამს ამ წუთში, მე ვიტყვი, რომ “ქართული ოცნება” არის მთავრობა, რომელიც სადაც დაინახავს ძალას, იმას მომენტალურად ემხრობა. აქედან გამომდინარე, არ ველი არანაირად, რომ დღეს “ქართული ოცნება” შეეცდება ირანის დაცვას რაიმე გაგებით. ის ყურმოჭრილ მონობას მიჩვეული პარტიაა და აქედან გამომდინარე, საითაც ძალას დაინახავს, იქით იქნება და დაიკავებს ადგილს აშშ-ს უკან, იმიტომ, რომ როგორ მიიღებს ამას აშშ უკვე მოგახსენეთ”, – ამბობს “თავისუფლების მოედნის” გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა.
ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.
ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.
რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.















