„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამა წარადგენს. „ექსპო ჯორჯიაში“ დამსწრე საზოგადოებას პროგრამას პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.

პარტიის პროგრამა ოთხი თავისგან შედგება: 1) დემოკრატიული განვითარება, 2) ეკონომიკური განვითარება, 3) სოციალური განვითარება, 4) საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა.

პროგრამაში ასევე შედის მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა.

როგორც პროგრამის შესავალშია ნათქვამი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა, რომლის თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.

„ამის მისაღწევად დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განმტკიცდება კანონის უზენაესობა, „სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს; ხელშეუხებელი იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება; განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის; დაიხვეწება სახელმწიფო სოციალური პროგრამები; დაცული იქნება კერძო საკუთრება და შრომითი უფლებები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და დაიძლევა სიღარიბე; საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის განხორციელდება რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გარღვევას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაში, განხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შედეგადაც საქართველოს რეგიონები უმოკლესი გზებით დაუკავშირდება ერთმანეთს, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება გახდება სწრაფი და კომფორტული როგორც შიდა მიმოსვლისათვის, ისე ტრანზიტისთვის. ამ რეფორმების შედეგები უმოკლეს ვადაში – 4 წელიწადში აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე. პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება; გამყარდება ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონალური პოზიციები, კიდევ უფრო გაღრმავდება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესები; საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. გაგრძელდება მუშაობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის დასაწყებად. ქვეყნის გამთლიანება მოხდება მშვიდობიანი გზით, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოახდენს გარღვევას ქვეყნის განვითარებაში და ხალხთან ერთად მიაღწევს ყველა დასახულ მიზანს”,- ნათქვამია პროგრამის შესავალში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი დაპირებები არის ამბიციური და რეალისტური
შემდეგი სტატიალევან იზორია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება