ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სულ უფრო ხშირად ჰბაძავს ჩინეთის და რუსეთის ავტორიტარულ მმართველობას.
გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა 19 ივნისს, ღამით სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია.
სენატორ რიშის თანახმად, მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, როცა ქვეყანა სულ უფრო შორს მიჰყავს მომავლისგან, რომელიც ხალხს სურს და ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს.
ჯიმ რიშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე, რომლებიც ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო და საგანგაშოდ შეტრიალდა ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო ხშირად ჰბაძავს.















