“ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დიდწილად ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება”

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დიდწილად ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ გაკეთებულიყო მთელი განვლილი გზის შეფასება და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება იმ ადამიანისგან, რომელიც არის არქიტექტორი იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია. გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტს, პირველი, ეს არის მკაფიო გზავნილი, რასაც პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან იმეორებს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის საქართველოს დასავლური, ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით მზადყოფნა; ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსი და გადახვევა არ იგეგმება; ადამიანის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკა და ამით მკვეთრად გამოირჩევა დღევანდელი ხელისუფლება, ყოფილებისგან. მესამეა, დემოკრატიაში მიღწეული ცვლილებები, ამ მხრივაც აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებასთნ გვაქვს საქმე. არჩევნები, მედია და სასამართლო არის თავისუფალი”, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დიდწილად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება.

“მან არაერთხელ თქვა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს ღირსეულად, ამ შემთხვევაში მას ამის თქმის უფლებას აძლევს ის ნდობის მანდატი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს მის მიმართ. “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დიდწილად უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, დღეს ეს ფაქტორი არის განმტკიცებული იმ საქმეებით, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაკეთდა, თუმცა, ამ საქმეების მამოძრავებელი ძალა თავიდანვე იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი ჩართვა ამ თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არა უშუალოდ პოლიტიკაში, რადგან ის ამას არ აპირებს, არამედ პოლიტიკურ პროცესში, რომ საზოაგდოებას უთხრას თავისი სათქმელი, ეს წერილიც არის ამის ერთი ნაბიჯი. როგორც წერილში წავიკითხეთ, ის აპირებს, რომ სექტემბერში უფრო მკაფიო გზავნილებით მიმართოს საზოგადოებას”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშირომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველა ძირითად საკითხზე პასუხი გაცემულია
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.1472 ლარია