ქართული ოცნების მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიამ 27,5 მილიონიანი ტენდერი მოიგო

თბილისი (GBC) – ქართული ოცნების მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 27,5 მილიონიანი ტენდერი მოიგო.

კომპანიამ „იბოლია“ N11 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება უნდა უზრუნველყოს.

სამუშაოს შესრულების ვადაა 2016-2019 წლები, სწორედ ამ პერიოდების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა დაფინანსებაც.

N11 ზონა ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია, მასში შედის 401.4 კილომეტრი. გზა, კერძოდ, თბილისი- სენაკი – ლესელიძის გზის ნაწილი, ხაშური – ახალციხე -ვალე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი, ციხისძირი-ახალგორი-ლარგვისი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი, რიკოთის გვირაბის შემოსავლელი, დაბა ბაკურიანის წრიული, ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის, დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი, ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემი წაღვერი-კიმოთესუბანი-ტაძარი, გორის გვირაბების შემოსავლელი გზები.

აღსანიშნავია, რომ მაკრახიძის კუთვნილი კომპანია „იბოლია“ 1995 წელს არის დაფუძნებული და სახელმწიფო დაკვეთების მსხვილი შემსრულებელია.

კომპანია ძირითადად საავტომობილო გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და ხშირად იმარჯვებს როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანია ასევე ახორციელებს საცხოვრებელი ბინების მშენებლობას, ასფალტის წარმოებას, სამშენებლო მასალებით საბითუმო ვაჭრობას და ა.შ.

ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე დაყრდნობით, რომ 2011 წელს შპს „იბოლიას“ მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანხა 7 458 000 ლარს შეადგენდა, 2012 წელს – 17 833 423 ლარს, 2013 წელს – 15 497 356 ლარს, 2014 წელს – 14 037 503 ლარს, 2015 წელს – 24 535 147 ლარს, ხოლო 2016 წლის განვლილ პერიოდში – 8 213 826 ლარს.

banner
წინა სტატიაში“რეალი” და “ბაიერნი” ნაგვის ფორმებით ითამაშებენ
შემდეგი სტატიაოპოზიციამ მოსახლეობას ალეპოს დატოვება აუკრძალა