,,ქართული ოცნების,, კარდინალური შეცდომები

კახა-ადამიასხვისი ნეგატივის ფონზე საკუთარი პოზიტივის პოზიცირება, პიარის თვალსაზრისით ეფექტური მეთოდია იმიჯის ასამაღლებლად თუ ასეთი პოზიტივი რეალურად გაგაჩნია… მაგრამ თუ არ გაგაჩნია, სხვის ნეგატივს ფონად დიდხანს ვერ გამოიყენება.
,,ქარული ოცნების,, პირველი კარდინალური შეცდომაც კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში – სწორედ ეს გახლავთ.
,,ოცნება,, ყოფილი ხელისუფლების ნეგატივებს ამოეფარა და მთელი პიარი ამაზე ააწყო, ისე რომ საკუთარი პოზიტივზე დიდად არ უზრუნია. ამ მეთოდმა გარკვეულ დრომდე იმუშავა, მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს მეთოდი ახლა მათთვის უკუეფექტს იძლევა. ქართული მასობრივი ცნობიერება ახლა მეტ პოზიტივს მოითხოვს ხელისუფლების ქმედებებში და არა წარსულის ნეგატივებზე კონცენტრირებას. პოზიტივი კი ისევე ცოტაა, როგორც არჩევნებამდე დარჩენილი დრო!
,,ქართულმა ოცნებამ,, და მისმა ლიდერებმა, მთელი თავიანთი სახელისუფლებო ვადა ,,ნაციონალებთან,, ბრძოლას მოახმარეს და მათ ფონზე შეეცადნენ “კარგებად” წარმოჩენილიყვნენ, რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, გარკვეულწილად თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა. ,,ნაციონალების,, სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ,,ოცნების,, ამ შეცდომის წყალობით, აქტუალურ პოლიტიკურ ძალად დარჩენილიყვნენ და ორივე ველზე საკუთარი დღისწესრიგი დაუწესეს ხელისუფლებას. ამ დღისწესრიგით მომუშავე მედიის მიერ გაშუქებულ თემებში კი, ხელისუფლების ის მცირე პოზიტივიც ჩაიკარგა, რაც მას რამდენიმე სფეროში გააჩნდა. ეს ყველაფერი მმართველი ძალის პიარისა და პოლიტტექნოლოგთა სისუსტეზე მიუთითებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის საარჩევნო სტრატეგიას და ტაქტიკას განსაზღვრავენ.
ყველაზე ცუდი, რაც კი ბოლო შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნებისთვის,, დაფიქსირდა, ეს გახლავთ ის პრეცედენტი, რომ ,,ნაციონალებს,, ახლა მათი დამარცხებაც შესძლებიათ ზოგიერთ რეგიონში. ,,ოცნებამ,, ეს პრეცედენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე დაუშვა, რაც მის რეიტინგზე საკმაოდ ცუდად აისახება.

რაც შეეხება ,,ოცნების,, მეორე მთავარ შეცდომას, ეს მისი საკადრო პოლიტიკაა, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბევრი ადამიანის მიმართ, რომლებიც ,,ოცნების,, სახეებს წარმოადგენენ, ქართულ მასობრივ ცნობიერებას გარკვეული უარყოფითი სტერეოტიპი დიდი ხანია უკვე ჩამოუყალიბდა. სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც კარგად დაგეგმილი პიარის შემთხვევაშიც კი – თითქმის შეუძლებელია. კარგად ჩანს, რომ ,,ოცნებას,, პროფესიონალი და ეფექტური კადრების დეფიციტი აქვს ყველგან, მაგრამ რეგიონებში უფრო უარსადაა საქმე, რადგან იქ პარტიას უმეტესად ,,ნაციონალებიდან,, პორტირებული უღირსი კადრები და შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებულები ანაგვიანებენ. ამ მხრივ სამეგრელო ყველაზე გამორჩეული რეგიონია და ამიტომაც ზუგდიდში ამ პრობლემამ უკვე იმუშავა ,,ოცნების,, საზიანოდ.

მესამე კარდინალური შეცდომა, რომელიც ჩემი აზრით ,,ქართულმა ოცნებამ,, დაუშვა, ეს გახლავთ ის, რომ მან რეალური სიახლე და სისტემური ცვლილებები ვერ შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში კარდინალური განახლების მოლოდინში იყო. ვერ შესთავაზა თეორიულ დონეზეც კი, რამაც საზგადოებაში ნიჰილიზმი და ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. პიარის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი თემა ხელისუფლებისათვის, საკუთარ მოსახლეობასთან პოზიტიური კომუნიკაციის დასამყარებლად, პრობლემების მოგვარების სფეროში სიახლის შეთავაზებაა და არა ოპონენტების მიერ ჩადენილ შეცდომებზე მუდმივი აპელირება.

თუ ზემოჩამოთვლილ შეცდომებს დავუმატებთ იმ შეუსრულებელ დაპირიბებს, რომლებსაც ,,ქართული ოცნება,, 2012 წელს უხვად გასცემდა, გასაკვირი არაა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დღეს, ყველანაირის საზომით,2012 წელთან შედარებით საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ ერთხელ ,, ნაცების,, საფრთხობელად გამოყენებას და ორპოლუსიანი საარჩევნო სტრატეგიის წარმოებას, მმართველმა ძალამ თუ ეს სტრატეგია აირჩია, ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება მათი მხრიდან, რადგან საოგადოებაში უკვე გაჩნდა საკმაოდ სქელი ფენა იმ ხალხისა, რომელსაც არ სურს პრობლემების მოგვარების ნაცვლად კიდევ 4 წელი ,,ნაც-ქოცური,, დაპირისპირების ინსპირირებულ შოუს უყუროს!
,,ქართულ ოცნებას,, ისევე როგორც ზოგადად ყველა ხელისუფლებას, ყოველთვის აქვს საშუალება კარდინალურ შეცდომებს – კარდინალური ცვლილებები დაუპირისპიროს და ამით ეცადოს საზოგადოების თვალში რაბილიტირებას… მაგრამ ერთია საშუალება და მეორეა სურვილი რეალური ცვლილებისა და განახლებისა… თუ ეს სურვილი არ გამოიკვეთა, ვერანაირი ფასადური ცვლილებები, ვერანაირი მცდელობა მედიის მართვაში ჩარევისა და პარალელური რეალობის ჩამოყალიბებისა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების საუკუნეში, მმართველ ძალას ვერანაირ პოზიტიურ შედეგს ვერ მისცემს.

სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,
კახაბერ ადამია
ჟურნალისტი, კომუნიკაციური ტექნოლოგიების სპეციალისტი.

banner
წინა სტატიაში(video) ეს ქალი სტრასბურგში როგორ მუშაობდა, ვერაფრით ვხვდები – ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე
შემდეგი სტატია,, კვირიკაშვილი უფრო მეტად მავნებელია, ვიდრე მისი წინამორბედი იყო”