„ქართული ოცნების“ განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად უტიფარი გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება

განცხადება, რომელიც დღეს პარტია “ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა, არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად უტიფარი გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

ბოკერიას შეფასებით, ახლა ხელისუფლების დაცვის ხაზია, რომ “ვიღაცა თუ რაღაცაზე საუბრობს, თავად არაფერს შუაში არ არიან“. ბოკერიას თქმით, იმის შესაბამისი ნაბიჯები, რასაც ფარულად ჩაწერილ საუბარში არჩევენ, რეალურ ცხოვრებაში “ფილიპ მორისთან“ დაკავშირებით გადაიდგა, როცა მას დისტრიბუცია ჩამოართვეს.

“გაიშიფრა სისტემური ვერტიკალური კორუფციის სქემა – დაწყებული ივანიშვილით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ჩართვით. ეს სქემა დასტურდება არა მხოლოდ ერთი ბიზნესმენის განცხადებით, რომელიც გადააგდეს, არა მხოლოდ ჩანაწერებით, სადაც ამ სქემაზე ყოფილი თანამდებობის პირები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები საუბრობენ, არამედ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბებით – “ფილიპ მორისთან“ დაკავშირებული სასამართლო პროცესი ადასტურებს, რომ რაზეც ჩანაწერებში საუბრობენ, შემდეგ ის ცხოვრებაში ხდება. მაშინ, როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შესაძლო მკვლელსა და ეჭვმიტანილს ხელი დააფარეს, რადგან ის თანამდებობის პირის ახლობელი იყო, ეს ხალხი ბედავს და უტიფრად კიდევ ტალახს ისვრის ოპონენტების წინააღმდეგ. უტიფარ სიცრუეს ამბობენ, რომ თითქოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ საქმეში პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. სწორედ კომისიამ დაადგინა, რომ თანამდებობის პირის ახლობლობის გამო დააფარეს ხელი სავარაუდო ეჭვმიტანილს. ამ ხალხმა გაბედა და საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა პირი, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს – ამ ყველაფერს პასუხი 28 ოქტომბერს უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი იქნება მკაფიო და ამ პასუხით დაიწყება ივანიშვილის გუნდის გაძევება პოლიტიკური მმართველობიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაკახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა