“ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა ეკა ბესელიას გადადგომას პარტიის დაშლად შეაფასა

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე – კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მწვავე განცხადებები გააკეთეს. დეპუტატების აზრი ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით ორად გაიყო. “ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა ეკა ბესელიას გადადგომას პარტიის დაშლად შეაფასა. ასეთი იყო მაგალითად გედევან ფოფხაძე, რომელიც თავად ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა.

„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის, მებრძოლი ძალის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერი შემქნა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც მე სიცხიანი ჩამოვედი იმიტომ, რომ ეკასთან ერთად ვიყო, მე მგონია რომ ეკა ბესელიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ეს სურვილი და დაკავშირებული არ არის მის კერძო სიმპათიებთან. ეს არის სურვილი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მომავალთან და იმასთან რომ იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ ჩავარდეს შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მოსამართლეთა სია, რომლებიც უვადოდ უნდა გამწესდნენ შეიძლება ითქვას, რომ საფუძვლად დაედო “ქართულ ოცნებაში” ღია დაპირისპირებას, პარტია ორ ბანაკად დაიყო. მმართველი გუნდის დეპუტატების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეკა ბესელია, რომელსაც თავიდანვე არ გაუჩნდა პროტესტი სიაში ჩინჩალაძის აღმოჩენაზე, უნდა წავიდეს.

„ჩვენ გუშინ, იურიდიულმა კომიტეტმა პირდაპირი მნიშვნელობით ჩავაგდეთ პროცესი, სადაც გვაპარებდნენ ჩინჩალაძეებს და მის მაგვარ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პირდაპირი მნიშვნელობით მსახურები ადეიშვილის რეჟიმის. ახლა როგორ დარჩნენ სასამართლოში, ეს ჩემი საქმე არ არის, იმიტომ, რომ მე ამაში მონაწილეობა არ მიმიღია. და შესაბამისად, მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ პროცესზე რასაც ჰქვია ჩემი მონაწილეობა აი ამ საკითხში. მე არ მინდა ამ კომიტეტს ჰყავდეს თავმჯდომარე ადამიანი, ვინც დღეს რომ ყოფილიყო არჩევნები ჩინჩალაძეს ხმას მისცემდა და იმ ადამიანებს ხმას მისცემდა. იურიდიულ კომიტეტს სჭირდება პროცესი სადაც ეს ადამიანები შემოპარული სიით ვერ გავლენ. დღეს არის კონფლიქტი , მორალური კონფლიქტი არის საზოგადოებასა და იუსტიციის საბჭოს შორის. და არის კონფლიქტი ინსტიტუციური იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტს შორის და ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მანამ სანამ ის ადამიანები არიან იქ. ის იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი სტანდარტის დაცვის გარეშე ერთ დღეში სადღაც შავ-ბნელ ოთახში შეიკრიბნონ, დაწერონ სია და პირდაპირი მნიშვნელობით შემოტენონ პარლამენტს იმის განცდით, რომ აქ ვიღაცეებს შეეძლოთ მხარი დაეჭირათ,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კამათში ჩაერთო გურამ მაჭარაშვილი, რომელმაც კოლეგებს შეახსენა, რომ მათ მხოლოდ ერთი ხმა აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად.

„ერთი ხმის მფლობელი ვართ, პირველი მოადგილე ვიქნებით, თავმჯდომარე, რიგითი კომიტეტის წევრი თუ საერთოდ სხვა კომიტეტში არსებული პიროვნება. ეს ცალკე საკითხია, ამის თქმა მინდა. მე არ ვეხები ქალბატონო ეკა თქვენს პოზიციას თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით მიზეზებს,“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

გურამ მაჭარაშვილს სხდომაზე ეკა ბესელიამ უპასუხა და „ერთი ადამიანის“ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„ერთი ადამიანი იყო ქრისტე და ერთი ადამიანი იყო პილატე. ერთი ჯვარზე გააკრეს და მეორემ ხელები დაიბანა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევა გოგიჩაიშვილის პოზიცია გაიზიარა ლევან კობერიძემ. მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ შეურაცხყო პარლამენტი იმ ქმედებით რა პროცედურითაც შეირჩნენ სიაში არსებული მოსამართლეობის კანდიდატები.

„მე ნამდვილად არ მინდა, რომ თუ კი ჩვენს შვილებს დასჭირდებათ სამართლის ძიება ამ ქვეყანაში, ისინი მოხვდნენ საბოლოო ჯამში ჩინჩალაძესთან,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო
შემდეგი სტატია,,საჭიროების შემთხვევაში, საოჯახო ცენტრები 24/7-ზე რეჟიმით იმუშავებენ და ტრანსპორტითაც დავეხმარებით”