„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ სამართალდამცავის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტს და აცხადებენ, რომ “ძალადობრივი რეჟიმი წაახალისა რუსმა ოლიგარქმა და “ქართულმა ოცნებამ”. მათი თქმით, სისტემის დასამარცხებლად ერთი რიგითი პოლიციელის დასჯა საკმარისი არ არის.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: “დაისაჯონ მოძალადეები”, “ვითხოვთ მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრებას”, “მწამებელი სისტემა”, “მოძალადე რეჟიმი”, “პოლიცია ხალხისთვის და არა, ხალხის წინააღმდეგ”.

“ჩვენ არ ვეგუებით კრიმინალებს, არ ვეგუებით “ქართული ოცნების” “მილიციას”. უნდა იცოდეს ვახტანგ გომელაურმა, რომ ის არის პასუხისმგებელი და რომ ერთი რიგითი პოლიციელის დასჯა არ არის საკმარისი”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

“ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმ ძალადობამ, რომელიც სისტემიდან მოდის და რომელიც ვერ დაამარცხა “ქართულმა ოცნებამ”. ამის კარგი მაგალითია ლუკა სირაძის და დემურ სტურუას საქმეში მონაწილე პოლიციელები. პირიქით, მათ მწვანე შუქი აუნთეს. ამასთან, ვნახეთ შსს-ს მშრალი განცხადება. ამიტომ, საჭიროა მწვავე პროტესტი, რათა არ მივიღოთ დამატებითი ჩოლოიანები”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს – დეგნანი
შემდეგი სტატიაშიგნით ვერ დალაგებულან და უნდათ ქვეყნის სადავეები ჩაიბარონ – ვერა და ვერ ეღირსებიან – მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე”