ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ვერავინ ვერ შეეხება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას ვერავინ ვერ შეეხება, ვიდრე კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ დასრულდება.

“ჩვენ წინასწარ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არა გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფართო განხილვების, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი არსებული ვადა არ დასრულდება. ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. შესაბამისად, ეს არის სპეკულაციები და არ ვიცი რომელი კონსტიტუციონალისტები (ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ) საუბრობენ ამაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის გამორიცხული და პრეზიდენტის, პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა.

კონსტიტუციონალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება.

banner
წინა სტატიაში“ერეკლე კოდუასგან მიღებული გვქონდა „ტელეიმედის“განეიტრალების და ეთერის გათიშვის დავალება”
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს”