„ქართული ოცნება“ – შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია

შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი – მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება, გაიმართოს. პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც. მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს.

დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ