თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს წარმატებული საპარლამენტო არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო იყო უმეტესწილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და არჩევნების შედეგები ასახავს, ქართველი ამომრჩევლის ნებას. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისვე თქმით, ეს შეფასებები ეხმარება ქვეყანას, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები იყოს კიდევ უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო იყო უმეტესწილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული, არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. გუშინდელი არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ნატო-ს, ევროკავშირის ერთობლივი შეფასების თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, ანუ კარგად ორგანიზებული. დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, გუშინდელი დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიამ უმეტეს წილად ჩაიარა მშვიდ გარემოში, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სიები იმსახურებდა ნდობას. მათივე შეფასებით, არჩევნები, ზოგადად, წინასაარჩვენო კამპანია და საარჩევნო პროცესი იყო ძალიან კონკურენტული, მედიაგარემო – პლურალისტული, სადაც პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები მიეწოდებინათ ამომრჩევლებისთვის“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მედია საშუალება დაუბალანსებლად გადასცემდა და აშუქებდა საარჩევნო პროცესს.

„ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის შეფასებით, გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერის სტატუსი. ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNDI: ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი დავით გამსახურდია დაიღუპა