„ქართული ოცნება“ რვა წელია ებრძვის სიღარიბეს და მოახერხეს 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება

საგარეო კუთხით კიდევ უფრო გავიმყარეთ პოზიციები, წინსვლა გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებებით, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება და აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.

„უდავო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი. „ქართულ ოცნებამდე“ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე: სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და სამოქალაქო ომი მოჰყვა; შემდგომ კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტების პირველი ფაზა, მარცხი და ასობით ათასი დევნილი მოსახლეობა; კრიმინალური ბანდების თარეში და პრაქტიკულად გაუქმებული, დისფუნქციური სახელმწიფო, განადგურებული, ნულზე დაყვანილი ეკონომიკა და სრულიად მოშლილი სოციალური ინფრასტრუქტურა; შემდეგ – სტაგნაცია, კორუფციული ჭაობი, უძრაობა, და როგორც შედეგი, ხელისუფლების კვლავ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით ცვლილება; პირველი იმედები, გამოცოცხლება და ისევ ომი, ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, დევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი და მძიმე ეკონომიკური კრიზისი“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ ახერხებს, ეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება.

„უმძიმესი მემკვიდრეობის, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და რყევების მიუხედავად, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ხანგრძლივად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული განვითარების და შეუქცევადი წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს.

იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ, გვეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა, თუ ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია.

ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ავტორიტეტული სარეიტინგო ინსტიტუტების ესოდენ მაღალი შეფასებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკა, ამ მიმართულებითაც უალტერნატივოა.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდა, აქაც ვერ მოდის თანხვედრაში ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვერც საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებთან.

ცინიზმის მწვერვალია, როცა პოლიტიკური ძალა, ვინც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ოფიციალურად დააბრალა ომის დაწყება, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, მმართველ გუნდს კარგად ესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე.

„და მაინც, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.

ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით, უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ ოთხი პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდწილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა“.

„კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა, მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არ უგრძვნია.

ამასობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ“,- აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, პანდემიის დროს ხელისუფლების მიერ აღებული საგარეო ვალი მთლიანად ხმარდება ხალხს.

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით, და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და, რაც მთავარია, არ იპარავს მას“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ რვა წელია, ებრძვის სიღარიბეს და მოახერხეს 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება.

„400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ“,- აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს მმართველი გუნდის წევრებმა უნდა წარმოადგინონ.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა, შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის, რეგიონებში და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ და თითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ.

განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია, ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი 20 ივნისზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია