„ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს – თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს – ჯაფარიძე

„ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს – თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ” გაიმართება.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების” წევრები არიან.

„მე მოსული ვარ იმისთვის, რისთვისაც 20 ივნისს ვიყავი მოსული. გაბრაზებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში მიიღო და ვთვლი, რომ სრული პასუხისმგებლობა არის იმ ერთ ადამიანზე და იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომლითაც ეს ერთი ადამიანი 10 წელია ქვეყანას მართავს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ის ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს, რადგან მათ მიმართ ნდობა არ აქვს.

„ბოლოს, როცა მათთან მოლაპარაკებებში ჩავერთე – გადამაგდეს. ხელი მქონდა იმ დოკუმენტზე მოწერილი და გადამაგდეს მეც, ევროპელებიც და ამერიკელებიც. ნდობა მაქვს ნული“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბრიფინგიდან ჩანდა, რომ მმართველი გუნდი ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

„კობახიძემ თქვა, იქ რა მოთხოვნებიც წერია, ეგენი არაფერ შუაშია, ჩვენ სტატუსი იმის გამო არ მოგვცეს, რომ ერთი – გეოგრაფია არ გვივარგა და მეორე, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და მოლდოვა ახლოს არისო. ამის გამო არ მოგვცესო. 6 თვის შემდეგ როგორ ფიქრობთ რამე შეიცვლება, გეოგრაფია შეიცვლება, გადავალთ სადმე? თუ ვინმეს უნდა, რომ ეს პირობები შესრულდეს, დღეს აქ უნდა მოვიდეს,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

წინა სტატიაში2 წელი მაინც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატია„სირცხვილიას“ წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდამჭერებს პარლამენტთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ