“ქართული ოცნება” პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს

“ქართული ოცნება” პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს. ხელისუფლების ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სასჯელის სრულად მოხდა მოუწევს.

“ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერც რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს, ვერც გათავისუფლების/შინაპატიმრობის საფუძველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე – საპატიმროებში, თქვენ იცით, ვითარება არის რადიკალურად გაუმჯობესებული მომსახურების თვალსაზრისით. ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა ციხეებში. დღეს არის 12-ჯერ შემცირებული ეს სტატისტიკა, იმიტომ, რომ არის სრულიად სხვა მომსახურება და პირობები. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ასე შემდეგ, ეს წარმატებული ვერ იქნება”, – ამბობს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, მან აღნიშნა, რომ როდესაც პენიტენციური საჭიროდ ჩათვლის, მიხეილ სააკაშვილს ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.

“სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. მას აქვს 6 წელი მისჯილი, რაც აუცილებლად მოუწევს, მოიხადოს. სხვა დანარჩენს საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება. ის ამ დროისთვის თუ გადაყვანილია საავადმყოფოში და ასე ჩათვალა საჭიროდ პენიტენციურმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ, რომ დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, – თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა, კლინიკა “ვივამედში” იმყოფება. ამ დრომდე უცნობია, რა კვლევები ჩაუტარდა მესამე პრეზიდენტს და როგორც აფასებენ კლინიკის ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს
შემდეგი სტატიასამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – კალაძე