ლუკა კურტანიძე: “ქართული ოცნება” ყველა პოლიტიკურ ძალას დიდი ანგარიშით დაამარცხებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურა, კონკრეტულად კი პოლიცია, პრიორიტეტად აქცია.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლუკა კურტანიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების “დასაწყნარებლად” აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს და ეყოლება ძლიერი შს სამინისტრო, რომელიც ადამიანის უფლებასა და ღირსებას დაიცავს.

“დღეს, როგორც არასდროს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურა, კონკრეტულად კი, პოლიცია, პრიორიტეტად აქცია. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შევახსენებ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, 20 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ, ყველა მიმართულებით, ტესტირება გაიარა. მიმდინარეობს მომავალი პოლიციელების აღზრდა, რათა განათლებული პოლიცია გვყავდეს. დღეს, პოლიცია ორიენტირებულია ისეთ ახალგაზრდებზე, რომლებიც განათლებული პოლიციელები იქნებიან. ჩვენ გვეყოლება და გვყავს ისეთი ძლიერი შს სამინისტრო, რომელიც ადამიანის უფლებასა და ღირსებას დაიცავს. ეს – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დასაწყნარებლად”,- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

დეპუტატის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული პროცესი ჩარჩოებში ისე უნდა მოაქციოს, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

“რაც შეეხება ბრალდებებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ვფიქრობ, ეს ფსიქოზია, რადგან ცილისწამებების კორიანტელია. არ გამოვყოფ არც “ქართულ ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არის ქართული ერის სენი. ვფიქრობ, ყველამ ერთად, როგორც პარლამენტარებმა, კანონმდებლებმა, რაღაც ჩარჩოში მოვაქციოთ ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. თუ ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სიტყვის ისეთი თავისუფლება, რომელიც ქაოსში გადადის. ვისაუბროთ ისეთ ფაქტებზე, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული. მინდა, საზოგადოერბას მოვუწოდო – დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, ააშენოს სამართლიანი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, სპორტული ტერმინოლოგიით გეტყვით – “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პარტიების წარმომადგენლებს – “ქართული ოცნება” თავისი ღირსებით, ერთიანი ძალით, ძლიერი გუნდით, კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებს და ძალიან დიდი ანგარიშით დაამარცხებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არჩევნებზე წინააღმდეგობას გაუწევს”,- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაში“თქვენი ხელისუფლების დროს მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ, რადგან სისხლში ახშობდით საპროტესტო ხმას”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ტურისტების რაოდენობა 23.9 % -ით გაიზარდა