„ქართული ოცნება” გვართმევს ევროპულ პერსპექტივას – ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა – პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო – ვაშაძე

„ქართული ოცნება” გვართმევს ევროპულ პერსპექტივას – ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა – პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი მხრივ კანდიდატის სტატუსი ახლოსაა, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ არათუ სტატუსი ვერ მოვიპოვოთ, არამედ რაც გვაქვს, ისიც კი დავკარგოთ, “დავკარგოთ, კერძოდ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და სხვა სიკეთეები ევროკავშირიდან”.

“რეზოლუცია პირველ რიგში არის ქართველი ხალხისთვის გაგზავნილი გზავნილი. ახლა ისე, როგორც არასდროს გვჭირდება დაფიქრება, ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ, სამშობლო გვიხმობს. “ქართულმა ოცნებამ” ჩვენ წაგვართვა სახელმწიფო, “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა მიიტაცეს საქართველოს ხელისუფლება, გვართმევს ევროპულ პერსპექტივას. ის დროა, როცა ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, დროა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, ვინც მეტს და მეტს აკეთებენ, რომ როგორმე ასცდეს საქართველო ევროპისკენ ინტეგრაციის გზას. თითოეულ თქვენგანზეა პასუხისმგებლობა, ჩვენ, ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ თუ ქართველმა ხალხმა პასუხი არ გაეცით “ქართულ ოცნებას”, რომ არ შეიძლება სამშობლო წაგვართვან, ისე არაფერი შეიცვლება,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახლა ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს.

“არავინ მოგატყუოთ, რომ ვინმეს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, გუშინდელ დისკუსიაში ევროპარლამენტში ვინმემ ამის მსგავსი გაიგონეთ? მათ გული შესტკივათ ქვეყანაზე, ქართველ ხალხზე და ერთადერთი რამ უნდათ – გაიმართოს ქვეყანა წელში და ჰქონდეს მყარი დემოკრატია.

მივმართავ საზოგადოებას, ცოტა ხანს ნუ მოუსმენთ “ქართულ ოცნებას”, კონსულტანტების დაწერილი ტექსტებით ლაპარაკობენ. დროა გამოვაფხიზლოთ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, მათი შანტაჟის არავის ეშინია, საქართველომ ევროპული პერსპექტივა უნდა მოიპოვოს,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას – ევროპარლამენტის რეზოლუცია
შემდეგი სტატიაევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება