„ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება, თქვენი სატელიტი პარტია კი კრემლის ფილიალი – დაპირისპირება პარლამენტში

მწვავე დებატები პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსულის გახსენების დღე იყო. დეპუტატებმა ერთმანეთს ბოლო 7 წელიც შეახსენეს, იმის წინა 9 წელიც და საბოლოოდ საბჭოთა პერიოდიც. ურთიერთბრალდებები კი დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობას მოყვა. “პატრიოტთა ალიანსმა” საკითხის გამწვავებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი “პატრიოტთა ალიანსს” და “ქართულ ოცნებას” რუსული პროექტი უწოდა.

„მას შემდეგ რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში საქართველოში, ჩვენი სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით. „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი, რომ ჩამოშალოს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები. ამიტომ არიან ასევე გააქტიურებული, როგორც ჩანს ქართული ოცნების სატელიტები, პირდაპირ კრემლის ფილიალი, რომელიც ასევე გვესაუბრება გარეჯის პრობლემაზე იმიტომ, რომ აქვთ ღია მცდელობა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან დაიძაბოს ურთიერთობა და გაუთანაბრდეს იმას, რაც არის რუსეთის მხრიდან, ოკუპანტის მხრიდან, ეს არის ზუსტად ვლადიმერ პუტინის ნარატივი, რომლესაც ახორციელებთ თქვენ და უფრო თავზეხელაღებულად და ღიად ასევე თქვენი სატელიტი პარტია, რომელიც ახლა საუბარში მიშლის ხელს,”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს თინა ბოკუჩავამ “ქართულ ოცნებას” აშშ-ში მომზადებული სკანდალურ კვლევაც შეახსენა, სადაც წერია, რომ რუსული სპეცსამსახურების მუშაობისთვის საქართველოში ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე “ქართული ოცნების” მხრიდან „9 წელზე“ საუბარი, როგორც მინიმუმ უხერხულია.

„ქალბატონო თამარ მინდა გითხრათ, რომ თანაავტორი ამ კვლევის არის ვლადიმერ კარამურზა, რომელიც პუტინმა ორჯერ სასიკვდილოდ მოწამლა. მაგალითად ბატონი ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი მათშორის 9 აპრილის შემდეგ. ან ბატონი კოპალიანი. რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით რომ ფაქტების კონსტანტაციას ვახდენთ ხოლო თქვენ არ გაქვთ იმდენი თმენის ვალდებულებაც კი რომ ამ ფაქტებს მისცეთ ნორმალური რეაგირება და არ მოახდინოთ ძალადობის ინსპირირება პირდაპირ პლენარულ დარბაზში,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თამარ ჩუგოშვილმა კი “ნაციონალური მოძრაობა” სიძულვილის ენით საუბარში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თინა ბოკუჩავას მოუწოდა მისი ციტატები არ დაამახინჯოს.

„ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა რომ სხვა დროს როდესაც გადაწყვეტს, რომ ჩემი ციტირება გააკეთოს , ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს. იმიტომ რომ გვარები რომელიც მას მხოლოდ სმენია,. მე მათ ვიცნობ და შესაბამისად მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ისედაც მშვენივრად გამომდის,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა” – ირმა ინაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიარა ხდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოში?