„ქართული ოცნება“ არ აქტიურობს ჩვენს პარტნიორებთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან მიმართებაში და ამას ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ამჩნევენ – ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი” ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით სამი ძირითადი საკითხის დაყენება შეძლეს: თავისუფალი ვაჭრობის დაწყება, საქართველოს თავდაცვის კუთხით გაძლიერება, „ქართული ოცნების” მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეფორმების განხორციელება.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებაში არ აქტიურობს და ამას ევროპელი კოლეგებიც ამჩნევენ.

„ამერიკის მხრიდან მეტი თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი. პირველ რიგში ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის საკითხის დაწყება და ამაზე ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო იგივე კონგრესმენების მხრიდან. ამას მუშაობა სჭირდება, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს საკმარისი არ იქნება, რადგან პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და იმუშაოს, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, ვაკეთებთ ჩვენ ოპოზიცია. ჩვენი აქტიურობის მიუხედავად, ეს საკმარისი ვერ იქნება იმიტომ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ხელისუფლების გასაკეთებელს ვერ გააკეთებ.

მეორე საკითხი ეს იყო მხარდაჭერა თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ჩვენ აქ ყველას ვეუბნებით წარსულში მომხდარ მოვლენებს, რომ იყო 2008 წელი, 2014 წელი, ხომ არ უნდა დაველოდოთ მსგავსი ტიპის მოვლენებს და მერე დაიწყოს მსოფლიომ და თუნდაც ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენზე ზრუნვა?! ამიტომ ახლავე პრევენციულად უნდა იყოს თავდაცვის უნარიანობაზე და იგივე თავდაცვის საშუალებებზე საუბარი საქართველოსთან მიმართებაშიც.

მესამე საკითხი და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასიურობა. “ქართული ოცნება” საერთოდ არ აქტიურობს ჩვენს პარტნიორებთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან მიმართებაში. ახალმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩინა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურად დაჩქარდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრისთვის ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ის დუმს, თუმცა ჩვენ ოპოზიციური ფლანგიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატანას და დაცვას ყველანაირად ვცდილობთ,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი კონგრესზე, როტერდამში მიიწვიეს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს