ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ჟენევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების არაკონსტრუქციულობა

ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყო.

ქართულმა მხარემ მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა, თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, დამნაშავის დაკავებასა და გადმოცემაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

„რუსეთის წარმომადგენლებიც იმ აზრზე იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენები, რომ პირველი რაც უნდა მოხდეს, ამ პიროვნების დაკავება, რაც შეეხება მის გადმოცემას და ქართული სასამრთლოს წინაშე წარდგომას, ეს უკვე მომავლის თემაა. ვიდრე ის თავისუფლად გაადგილდება არის საფრთხე იმისა, რომ ვიღაცა, ვინც დაინტერესებულია სიტუაციის დესტაბილიზაციაში, მოაწყოს პროვოკაცია”, – განაცხადა დონდუამ.

შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი საკითხი, რასაც აფხაზები და ოსები ითხოვდნენ, ჟენევის ფორმატიდან დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხის ამოღებაა. რეინტეგრაციის საკითხეში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არის მცდელობა, რომ ეს საკითხი მიიჩქმალოს.

“დეტალურად ვისაუბრეთ დევნილების დაბრუნების განუყოფელ უფლებაზე. ეს არის ცენტრალური თემა, რისთვისაც საერთოს არსებობს ჟენევის დისკუსიების კონკრეტულად ეს ჯგუფი, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს საკითხი არ იყოს განხილული, ან იყოს მიჩქმალული და დაკნინებული, იქნება წარუმატებელი”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა შედგა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა. ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობას.

მონაწილეებმა საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის ტრადიციულ პოლიტიზებას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა ისევე, როგორც აშშ-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას.

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 4-5 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგეობა გზის შესაკეთებელ სახსრებს ვერ პოულობს
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საქმე – საქართველოს პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა