ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეხვედრაზე ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ლიუ ჯუნშენთან, რომელიც 11 მაისს პეკინში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დავით აფციაური და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

ლიუ ჯუნშენის განცხადებით, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ. რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებს – „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „ქინძმარაული“, მათი რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს კონსულტაციები გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების და ჭაჭის უკანონო გამოყენების აკრძალვას, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში წარმოებული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტს .

შეხვედრა საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში 14:00 საათზე დავით ნარმანიას ელოდებიან
შემდეგი სტატიასასტუმრო „რედისონის” წინ ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს