ქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიხსნა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრნენ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მოწვეული სტუმრები.
მათივე ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით იმართება და სამი ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
“ქართული ეთნოგრაფიული სამოსის” გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, რომელიც შექმნილია პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. გამოფენაში მონაწილეობას ცხრა პროფესიული კოლეჯის სტუდენტები იღებენ.
სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2014 წელს განხორციელდა ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობა – პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ტრენინგები, ეროვნული სამოსის/ აქსესუარების დამზადებისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ ბონის ბეთჰოვენის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნე და გიდი, ნინო მიუთნიხი, რომელმაც შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და საგამოფენო სივრცის ორგანიზებაზე ორიენტირებული სემინარების განხორციელება უზრუნველყო.

banner
წინა სტატიაშირეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში ხვალიდან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი