„ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს-ირმა ინაშვილი

„ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს, – მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე კოლეგებს. ინაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ლევან მურუსიძეს გამალებით იცავს.

„მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით პროცესი მიდის პარლამენტში, საზოგადოებასა და ტელეეთერში. მინდა, ამ მესამე კომპონენტიდან დავიწყო – რასაც ჩვენ ვხედავთ ტელეეთერში, რა გამალებით იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძეს. „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო მორიგჯერ, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, ნუ დაიცავთ, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს დრო მოვა, და აი ეს ხალხი იტყვის მერე, რომ კანონით ვიხელმძღვანელეთ, ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს კიდევ, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს რაზეც ვმსჯელობთ პარლამენტში, ეს მაინც კოსმეტიკური ცვლილებებია. აქ არ მიდის საუბარი ღრმა, ფუნდამენტურ ცვლილებებზე, როგორ შევცვალოთ მართლმსაჯულების სიტემა.

რა ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობით (არ ვგულისხმობ ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს) არ აქვს არანაირი ნდობა საზოგადოების მხრიდან, არანაირი ნდობა პოლიტიკური სპექტრის, მესამე სექტორის და რაც მთავარია, ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს და უმრავლესობამ არ უნდა იჩქაროს.

„ამ იუსტიციის საბჭოს, მიქაუტაძე-გვრიტიშვილებს, მეთოფიშვილებსა და სხვებს კვლავ აქვთ პრეროგატივა, რომ შეარჩიონ მოსამართლეები. რა ცვლილება უშველის ამას, ხალხო. თუნდაც, სასიკეთო ცვლილება იყოს შემოტანილი ახლა აქ, პარლამენტში და სად გვეჩქარება. ბატონ ირაკლისაც მინდა ეს კითხვა დავუსვა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მინდა ეს შეკითხვა დავუსვა. რატომ ვჩქარობთ ისე, რომ დაიდო ვენეციის კომისიის დასკვნა, ეუთო-ს დასკვნა, რეკომენდაციები, კომიტეტის განხილვის გარეშე გამოვედით პირდაპირ პლენარულ სხდომაზე. გვეჩქარება სადმე? ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა აქვს, მომავალი 30 წლის მანძილზე რა ტიპის სასამართლო გვექნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, გააცნობიეროს, რა დიდი მნიშვნელობის საკითხი გამოვა კენჭისყრაზე.

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებს დავუტოვოთ ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაოზურგეთში ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა