ქართულ-აფხაზური პროტესტი, რომელმაც შედეგი გამოიღო-“აიბგა” ისევ აფხაზეთის ტერიტორიად იძებნება

გაგრაში, აიბგას მთაზე შეფენილი ამავე დასახელების სოფელი დიდი ხანია რუსების ინტერესის სფეროა. აქ შავი მარმარილო მოიპოვება, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ამ ძვირიანი საბადოს ხელში ჩასაგდებად მოსკოვმა ბევრი იწვალა და რამდენიმე თვის უკან აიბგა რეესტრში, როგორც კრასნოდარის მხარეში შემავალი ტერიტორია ისე გაატარა. სამწუხაროდ ამას საქართველოში დიდი ამბავი არ მოჰყოლია. კორონავირუსით დაზაფრული ხალხის შეიძლება გავიგოთ, მაგრამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი ძალიან უცნაური იყო.

აიბგას თემაზე „თაიმერი“ დიდი ხანია წერს. სწორედ ჩვენ გამოვაქვეყნეთ პირველებმა დოკუმენტი, საიდანაც ჩანდა, რომ აიბგა უკვე კრასნოდარის მხარეს ეკუთვნოდა. ამაზე პასუხის გასაცემად ორჯერ მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

საქართველოს ტერიტორიის მითვისებაზე არც პოლიტიკურ ელიტას ჰქონია რეაქცია. ერთადერთი ვინც ამ თემაზე ხმაური ატეხა პაატა დავითაია იყო. 

– რუსებს დიდი ხანია სურთ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება. პირდაპირ აიბგას ვერ მიითვისებდნენ და მიზნის მისაღწევად სოჭის ოლიმპიადა გამოიყენეს, რომელიც 2014 წელს ჩატარდა. ოლიმპიადამდე რამდენიმე წლით ადრე მოსკოვმა აიბგაში სასაზღვრო ჯარი შეიყვანა. როცა ამაზე ხმაური ატყდა, რუსეთმა თავი იმართლა – სოჭის ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩასატარებლად არის იქ ჯარის შეყვანა საჭიროო. ოლიმპიადა რომ დასრულდება სასაზღვრო საგუშაგოს გავიტანთ და საზღვარი ძველ ადგილზე გაივლისო.

მე მაშინვე ვთქვი, რომ რუსები იქედან არ გავიდოდნენ. არც გასულან. რამდენიმე თვის წინ კი ეს ტერიტორია როგორც თავიანთი საკუთრება ისე გაატარეს რეესტრში, – ამბობს „თაიმერთან“ საუბარში დავითაია. მისი განცხადებით, აიბგას მითვისების ამბავმა აფხაზები ძალიან გააბრაზა. დავითაია ამბობს, რომ ამის გამო აფხაზეთში პროტესტი არ შეწყვეტილა. მისი აზრით, აიბგას ამბავი რომ არა, რაულ ხაჯიმბას შესაძლოა პრეზიდენტობა არ დაეკარგა.

– რაულ ხაჯიმბას მიმართ აფხაზებს ბევრი პრეტენზია ჰქონდა. მაგრამ უმთავრესი იყო აიბგა. აფხაზები გაბრაზებულები იყვნენ, რომ მან რუსებს ტერიტიორიები გადასცა. ამ ფაქტმა მის მიმართ უკმაყოფილება გაზარდა და ის ხელისუფლებას ჩამოაცილეს, -აცხადებს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი.

აფხაზეთში ბოლო ხანებში მკვეთრად იზრდება ანტირუსული განწყობა. ამას რუსებიც ამჩნევენ. მათ ახლა არაფერში აწყობთ აფხაზებთან დაპირისპირება, ხელისუფლებაში ალექსანდრე ანქვაბის მოსვლაც არ არის კრემლისთვის კარგი. ეს უკანასკნელი პროაფხაზური ორიენტაციის პოლიტიკოსია. ეტყობა ამ ფონზე გადაწყვიტეს აღარ გაეღიზიანებინათ აფხაზები და მითვისებული აიბგა დააბრუნეს. დღეისთვის რეესტრში აიბგა აღარ იძებნება და რუსეთთან საზღვარიც ძველ ადგილს დაუბრუნდა.

პაატა დავითაიამ ეს ინფორმაცია აფხაზი ბლოგერებისგან შეიტყო. მისი თქმით, აფხაზები ამ ამბით ძალიან გახარებული არიან. ამბობს რომ სოხუმში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა პროტესტი აიბგას მიტაცების გამო. დავითაია ამტკიცებს, რომ აფხაზები ქართველების მხარდაჭერით ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

– აფხაზებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ. ისინი კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ აიბგას მიტაცებას ქართველებიც ვაპროტესტებდით. აფხაზების ერთიანობამ და პროტესტმა შედეგი გამოიღო. აიბგა ახლა ისევ აფხაზეთს დაუბრუნდა. შეიძლება ითქვას რომ აფხაზებმა ჩვენი საქმე გააკეთეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნეს, – აღნიშნავს დავითაია.

ის აიბგას გამო ძალიან გახარებულია, მაგრამ არ გამორიცხავს რომ აქ სხვა ამბავი იყოს. რუსეთი ხომ მიტაცებულ მიწებს უკან არ აბრუნებს.

– დარწმუნებული ვარ რომ ეს აიბგას დაბრუნება აფხაზების პროტესტს უკავშირდება, მაგრამ შესაძლოა რუსებმა ერთი აპრობირებული პრაქტიკა გამოიყენეს. ისინი ხშირად იღებენ რეესტრიდან იმ ტერიტორიებს, სადაც საიდუმლო ობიექტებია განთავსებული. აიბგას მთას საიდუმლო ობიექტად ვერ გამოაცხადებენ, მისი დამალვა შეუძლებელია. მინდა მჯეროდეს რომ ტერიტორიის დაბრუნება ერთობლივი პროტესტის შედეგია, – აღნიშნავს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი.

პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ შორს არაა ის დრო, როცა ქართველები და აფხაზები ერთად დაუპირისპირდებიან რუსულ ოკუპაციას.

სანამ ეს დრო დადგება ალბათ ბევრი წყალი ჩაივლის. ოფიციალურმა თბილისმა თუ არაფერი იღონა, რუსებმა შეიძლება მთელი საქართველო მიიერთოს. ოკუპანტები ქართული მიწების მითვისებას ისევ აგრძელებენ. მათ გაუმაძღარ მადას ვერც ​კორონა ეპიდემია აჩერებს.

რუსების შეჩერება ძალიან ძნელია, როცა ეს სხვისი მიწის მითვისებას ეხება, მაგრამ არა შეუძლებელი. ეს აფხაზეთშიც გამოჩნდა. აფხაზებმა ერთობლივი ძალისხმევით უკან დაიბრუნეს აიბგა და ამ მაგალითმა გვაჩვენა, რომ არაა აუცილებლი დათვს ბაბაია დაუძახო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მოგერია.  იმედია ჩვენი საზოგადოებაც ასე გაერთანდება რუსული მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა