ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ბრძოლაში დაღუპული ოთარ გოგოხია სენაკში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოთარ გოგოხია სენაკში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 იდენტიფიცირებული მებრძოლიდან 12 დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 5მათგანი, ოჯახის წევრების სურვილის შესაბამისად, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში, ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ დრომდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.

banner
წინა სტატიაშიNewsVoice: უკრაინელები ქვეყნიდან ქართველი მოხალისის დეპორტაციას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონიან გრანტს ხელი მოეწერა