“ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარება, ამ შემთხვევაში, სწორი არ არის”

“ქართული ოცნების” დეპუტატი, თამაზ მეჭიაური, ქართულ-ამერიკული წვრთნების ახლა გამართვას არასწორად მიიჩნევს.

მეჭიაურის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული, მასთან მიმართული პოლიტიკა უფრო ფრთხილი უნდა იყოს.

„რუსეთს ფაქტიურად ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკული ძალების შემოსვლის შემდეგ აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ განცხადებას, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პოლიტიკა. არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს. ასეთი განცხადებების ფონზე და იმ ფონზეც, როდესაც ფაქტობრივად, ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში საომარი სიტუაციაა და როცა კონცენტრაცია ახლა ჩვენს ტერიტორიაზე მოხდება, დიდი საშიშოებაა, რომ ამ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს. არ ვიცი უმრავლესობა ამ აზრს თუ იზიარებს, თუმცა მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომ წვრთნების ჩატარება, ამ შემთხვევაში, სწორი არ არის. მე ვარ უფრო ფრთხილი, განსხვავებით ზოგიერთებისგან, მე შვილები არსად გამიხიზნავს, არც დასავლეთში და არც უფრო შორს. განსხვავებით ზოგიერთებისგან, მე საფრთხეს ჩემს თავზე და შთამომავლებზეც ვგრძნობ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მაისში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

“ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ამგვარ თანმიმდევრულ “ათვისებას” განვიხილავთ პროვოკაციულ ნაბიჯად, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ შერყევაზე. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების წახალისება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს Mercedes-benz Fashion week–ის ფარგლებში ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენება გაიმართა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:გალში ქართველ დედას შვილის გაგუდვა დააბარლეს – რა ხდება გალის სამშობიაროში