„ქართუ ჯგუფიდან“ პრემიერ-მინისტრობამდე- რა გზა გაიარა ირაკლი ღარიბაშვილმა?

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარიერა ქართუ-ჯგუფში მუშაობით დაიწყო. 2004-2005 წლებში იგი – შ.პ.ს. ბურჯი-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერად დაინიშნა. მანამდე კი ის საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟიორი იყო.

ქართუ-ჯგუფში მუშაობის დაწყებიდან მალევე ის დააწიანურეს და შ.პ.ს. ბურჯი-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს, რასაც 2005 წელს მისი სააქციო საზოგადოება ქართუ-ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნა მოჰყვა. პარალელურად ღარიბაშვილს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ-ს გამგეობის თავმჯდომარე – გენერალური დირექტორის თანამდებობაც ეკავა. ასევე 2012 წლამდე ის ბანკი ქართუ-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.

პოლიტიკური კარიერა ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროს გახდა ის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს დამფუძნებელი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 25 ოქტომბერს ღარიბაშვილი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. 2013 წლის 20 ნოემბერს კი შს მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, იგი ქვეყნის პრემიერმინისტრი ხდება.

“ის არის ტიპური კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი, ძალიან ნაღდი და წესიერი კაცი,”-ამ სიტყვებით წარუდგინა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი საზოგადოებას პრემიერის პოსტზე და განაცხადა, რომ ის იქნებოდა ძალიან კარგი პრემიერმინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელად 31 წლის ასაკში დაინიშნა და მან ეს თანამდებობა 33 წლის ასაკში, 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა.

ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის N1 საშუალო სკოლა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ასევე დამთავრებული აქვს სორბონის უნივერსიტეტი პარიზში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს