ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპანტები გააქტიურდნენ – ე.წ. მესაზღვრეები მონადირეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ახალი წელი ძველი პრობლემებით – ბოლო დღეებში ოკუპანტები საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში გააქტიურდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ წნელისთან ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ მონადირეს იარაღი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებმა დაკავებული მონადირე გამოუშვეს, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოვება აუკრძალეს.

„როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, ტერიტორია მონიშნეს რუსმა ოკუპანტებმა. ფაქტობრივად, ამზადებენ ბორდერიზაციის ახალ ეტაპს, რომელიც ჩუმად უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ ბუნებრივია, მივიღებთ ზომებს, ჩვენ აუცილებლად წავალთ წნელისში, გავერკვევით სიტუაციაში, სად არის, რა ადგილი არის და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორდერიზაცია უკვე წნელისის მონაკვეთზეც შეჩერებულ იქნას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა კონტროლი გაამკაცრეს და მოსახლეობას გადაადგილება აუკრძალეს.

banner
წინა სტატიაში„რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს“- გრიგოლ ვაშაძის საშობაო მილოცვა ატოციდან
შემდეგი სტატიაინდოელი მეცნიერები: აინშტაინისა და ნიუტონის თეორიები მცდარია