ქარდავა: მჯერა, დადგება დრო, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მონაწილეები წარდგებიან არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კონტროლირებად სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე

მჯერა, დადგება დრო, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მონაწილეები წარდგებიან არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კონტროლირებად სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე, – განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე.

მეგის ქარდავამ აღნიშნა, რომ არ ენდობა სასამართლოს.

„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებასა და კანონიერებას. სწორედ ასეთი საქმეების საფუძველზე გათავისუფლდა ათასობით ღირსეული, როგორც ოფიცერი ისე სხვა საჯარო მოხელე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. განსაკუთრებით კი, სამაჩაბლოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რისი შედეგიც არის არა მხოლოდ კვარაცხელია, ოთხოზორიას სიკვდილი, არამედ ათასობით ადამიანის სიკვდილი, დაყაჩაღება, გატაცება-ფულის გამოძალვის მიზნით, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს.

მაგრამ ყოველივე ამის პრევენციის არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება და დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც იცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს ყოველივე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმეები არაფრით განსხვავდება გასული საუკუნის 50-იანი წლების ე.წ. მეგრელთა საქმისგან. როგორც იქ, აქაც ყველა მტკიცებულება არის გაყალბებული. ჩვენებები მიღებულია შურისძიების, პირადი მოტივის, შანტაჟის, ფიზიკური ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან როგორც იქ, აქაც სასამართლოს შემადგენლობა არაფრით განსხვავდება, რაც მაშინ იყო; მე პირადული ამასთან არაფერი მაქვს, მაგრამ სასამართლო ჯგუფი რაც არსებობს საქართველოში, წაბილწულია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც ადამიანის ნდობა და იმედი არ გამაჩნია იმისა, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ჭეშმარიტი და ობიექტური განაჩენი, ამიტომ მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს.

მე ვიცი, მჯერა, რომ დადგება საქართველოში დრო და ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმის, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და იყვნენ მათი შემკვეთები, შემსრულებლები, წარდგებიან არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კონტროლირებად სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე და ვერ გაიპარებიან ვერც მოსკოვში, ვერ პარიზში, ვერც მილანში, ვერც ნიუ იორკში თუნდაც“, – თქვა მეგის ქარდავამ.

მეგის ქარდავას მიერ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, პროცესი გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე სუს-ს: რაღაც განცხადება გაგივრცელებიათ. ზუგდიდში მაქვს დღეს რევოლუცია და მოდით
შემდეგი სტატიამდინარაძე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის წარმოუდგენელია, თავსებადი იყოს ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია