საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს კონტექსტში პირველად ახსენა ბელარუსის არჩევნები, რომლის შედეგებიც ევროკავშირმა არ უღიარებია. მან თქვა, რომ “ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, აქამდე [საქართველოში] არ მივალთ”.
მან იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, მოვლენების გაუარესების შემთხვევაში კი “ზომების მიღებაზე” საუბრობს.
“ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე, არჩევნები კი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვსურს მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მოგვიწევს, მივმართოთ ზომებს.
ეს წარსულშიც გავაკეთეთ სხვა ქვეყნების მიმართ, ბელარუსის ჩათვლით, არ ვაღიარეთ ბელარუსის არჩევნები, ეს არჩევნები ბელარუსში მოიპარეს და ამიტომ შემოვიღეთ ფართომასშტაბიანი ზომები, მათ შორის სანქციებიც. ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, რომ აქამდე არ მივალთ”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
მან ასევე თქვა, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, “დიდი ალბათობით, არ იქნება რეკომენდაცია საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე”.
“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, ჩემი აზრით, დიდი ალბათობით არ იქნება რეკომენდაცია მოლაპარაკებების გახსნაზე. ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერდა. ველით სიცხადის შეტანას ნამდვილ ზრახვებში მმართველი პარტიის მხრიდან.
მესმის, რომ საქართველო საარჩევნო პერიოდშია და არჩევნებზეა ყურადღება გადატანილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იქნება ახალი მთავრობა, ის, ვინც გაიმარჯვებს და რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ, მათთან ერთად მოგვიწევს დავეწიოთ პროცესს, რადგან თითქმის ერთი წელი დაიკარგა. სამწუხარო მოვლენების გამო, ეს პროცესი შეჩერდა მაშინ, როდესაც დაჩქარდა უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, ნაპრალი, რომელიც უნდა შემცირებულიყო, პირიქით, გაიზარდა.
ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდეგ ხელახლა დავიწყებთ სამუშაოებს, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიაზე”, – თქვა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ თქვა, რომ ნგრევის და ქაოსის უკან, რომელიც საქართელოსა და უკრაინაში მოხდა, მათ შორის რიგ სხვა ქვეყნებშიც, სწორედ რუსეთი დგას.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – აღნიშნა დიპლომატმა.
პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ასევე გაიმეორა EU-ის პრესსპიკერის მიერ ფორმულას კითხვის პასუხად გაკეთებული განცხადება და თქვა, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის. ელჩის თქმით, “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას.
17 სექტემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.
ქართული ოცნების მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს.