ქანთარია- ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საკუთარ Facebook გვერდზე 6 კონგრესმენის მიერ პომპეოს მიმართ მიწერილი წერილის “კეთილგანწყობილ” შესწორებებს აქვეყნებს.

დეპუტატს კონგრესმენების წერილიდან კონკრეტული მონაკვეთები აქვს შესწორებული, მათ შორის წერილის ის ნაწილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული. კონგრესმენები წერდნენ, რომ სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეჩერდა ქვეყნის პროგრესი.

“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყნის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა. დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ.”, – წერს ქანთარია.

ქართული ოცნების დეპუტატი არასწორად მიიჩნევს ივანიშვილისთვის “ოლიგარქის” წოდებას და აცხადებს, რომ ივანიშვილს, როგორც “ქვეყნის ღირსეულ შვილს” საქართველოსთვის მრავალი სიკეთე აქვს გაკეთებული.

“არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული. პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი”, – წერს ქანთარია.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ზურაბიშვილის დროშაზე-სეთი რამ არ მახსენდება
შემდეგი სტატიაიმდენად სერიოზული ზეწოლა იქნება, რომ ივანიშვილი საკუთარ ტყავზე იგრძნობს – გოცირიძე