EU-ისკენ სვლის შეჩერების შედეგი ბიზნესზე – სექტორი ამბობს, რომ ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო და კიდევ უფრო მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ.
ქამრების უფრო შემოჭერის რეჟიმში ვართ – ამბობენ “პირველებთან” საუბარში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
მათი თქმით, ცივილიზებული სამყაროსთვის ბუფერული ზონასავით გავხდით და ჩვენი რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგულია, რადგან “უმაღლესი პოზიციებიდან გვესმის ანტიევროპული ნარატივი”.
ერთ-ერთი ყველაზე რთული წელიწადი იყო. საშუალო კლება არის სექტორების 10-დან 20%-მდე, ბრუნვას და ნავაჭრს ვგულისხმობ და შესაბამისად, ეს აისახება ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე. გაძირდა ცხოვრება, შესაბამსიად ხალხს უფრო ნაკლები რესურსი დარჩა, რომ დახარჯოს ისეთ პროდუქციაზე, რაც არის ტექნიკა, ტანსაცმელი და ა.შ. ამ ჭრილში 9 თვის მონაცემებით, 10-15 %-იანი კლებაა წინა წლებთან შედარებით, ბიზნესი დღეს არის მეტნაკლებად უფრო ქამრების შემოჭერის რეჟიმში. ვემზადებით უფრო რიგი კრიზისისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. გარდამავალი, რაღაც ბუფერული ზონასავით ხარ დღეს და ამ რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგულია. ეს არის ის, რომ სამწუხაროდ, ყველა დონეზე, უმაღლესი პოზიციებიდან გვესმის ანტიევროპული ნარატივი, იმაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენ დამოუკიდებელი კუნძული ვართ, რომელიც არ არის ინტეგრირებული ასეთ თემაში. ეს ყველაფერი სამწუხაროდ არ შეესაბამება სიმართლეს. შევდივართ ე.წ. ძალიან დაბალ სეზონში, რაც იანვრიდან იწყება და ვფიქრობ, ყველაზე რთული ზამთარი შეიძლება გველოდებოდეს”, – ამბობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.
ბიზნესმენების თქმით, არავის უნდა ფულის ჩადება ქვეყანაში, სადაც ავტოკრატია მყარდება, ხოლო ვინც ფულს დებს, ეს ინვესტიციები ბუნდოვანია, რაც საქართველოს მოქალაქეს გრძელვადიან თემაში პრობლემას შეუქმნის.
ქვეყანა უფრო იკეტება, ავტოკრატიისკენ მიდის. ავტოკრატიულ ქვეყნებში კერძო და გამჭვირვალე კომპანიები ინვესტიციებს არ აკეთებენ, რაც გლობალურად პრობლემაა და ამ შემთხვევაში, თუ ეს ინვესტიციები იქნება დახურული და ბუნდოვანი, ეს საქართველოს მოქალაქეს გრძელვადიან თემაში პრობლემას შეუქმნის. ჩემს გადახდილ თანხებს იპარავენ და დიდუბეში, ბუტკაში 700 მილიონი კონვერტირდება, პრემიერ-მინისტრი (ღარიბაშვილი) აღიარებს რომ ამ პროცესებში ჩართული იყო და გირაოთი სახლში უშვებენ და ახლა უსამართლობა თუ არ დასრულდა, არაფერს არ ეშველება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს ამას”, – ამბობს ბიზნესმენი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
















