ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ განცხადებას ავრცელებს.
“შეგვიძლია დავადასტუროთ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ნიკე – ლუსოსთან არშემდგარ მატჩში ჩვენს კლუბს ჩაეთვალა წაგება.
გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს გელოდებით ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე თბილისში, კვარტალის წინააღმდეგ, 3 ნოემბერს, 14:30 წუთზე, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში!“ – წერს კლუბი „ლანჩხუთი“ სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა. გუშინ კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ მათი პროტესტის მიზეზი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა – როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო ნიკე ლუსოს ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.















