ქალთა მოძრაობა: მოვუწოდებთ წულუკიანს, გამოეხმაუროს მაყაშვილის ბრალდებას, სტურუას პოზიციას

წულუკიანი სტურუა

ქალთა მოძრაობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელიც ყოფილ ქმარს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მოძრაობა წერს, რომ მსახიობი ქალის გადაწყვეტილება, ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე, მაგალითის მიმცემია.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, ასევე შეაფასოს რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას “სტერეოტიპული, დამამცირებელი და საშიში” პოზიცია ქალთა მიმართ ძალადობაზე. მოძრაობა წულუკიანს ასევე მოუწოდებს, იზრუნოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტიძალადობრივი პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე.

ქალთა მოძრაობა ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, ირეაგიროს რობერტ სტურუას შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებსა და დამამცირებელ განცხადებებზე. პარალელურად, მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსაც, დაუყონებლივ გამოიძიონ შესაძლო დანაშაული.

“ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ. ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული.

ნინუცა მაყაშვილის საქმე არის გამოცდა ქართული თეატრალური საზოგადოებისათვის, ვინაიდან საქმე ეხება სწორედ აღნიშნული პროფესიული საზოგადოების წევრებს. მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, სადაც კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალს და ძალადობის მიმართ პროტესტს გამოხატავენ. იმედი გვაქვს, სოლიდარობის ამ აქტებს კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება. სამწუხაროდ, სოლიდარობასთან ერთად ჩვენ ვნახეთ ცუდი მაგალითებიც.

რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამავდროულად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა ძალადობის დაგმობის ნაცვლად ისევ ქალებს დაგვესხა თავს. მისი თქმით, ქალები რეპრესიებს, 1937 წელს აწყობენ ქვეყანაში, ოჯახში ძალადობაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი გამოგონილია. ეს არ არის მხოლოდ რიგითი სამარცხვინო განცხადება თუ კომენტარი. ესაა რუსთაველის ეროვნულ თეატრში აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირის გენდერული მიკერძოება და წინასწარი განწყობა, რომელიც ხელს შეუშლის მას ამ დაწესებულების მართვაში და აქ მომუშავე ქალებისათვის უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული, კეთილგანწყობილი, თანასწორი გარემოს შექმნაში, ანტიდისკრიმინაციული თუ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დანერგვაში. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც რობერტ სტურუა რეპრესიებად მოიხსენიებს თეატრის შიგნით გამოხატულ სოლიდარობის აქტებსაც და ამ სახით, როგორც ჩანს, მათ აღკვეთასაც ცდილობს. მას ავიწყდება, რომ ქალები მაყურებლებს შორისაც ვართ და დასის წევრებს შორისაც. ბევრი ჩვენგანი გამხდარა ოჯახში თუ მის გარეთ ძალადობის მსხვერპლი და ასეთი დამოკიდებულებები გვიქმნის მტრულ გარემოს ჩვენს გამოცდილებებზე სასაუბროდ. სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ვალდებულია, ითვალისწინებდეს სახელმწიფო ხედვას და ღირებულებებს გენდერულ საკითხთან მიმართებაში.

უკიდურესად საყურადღებოა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის თამთა ინაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია რობერტ სტურუას, როგორც ხელმძღვანელის მხრიდან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი ტონით საუბარსა და სექსისტურ, მიზოგინიურ დამოკიდებულებაზე. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ქალები არ არიან ვალდებულნი სამუშაო ადგილებზე, მათ შორის თეატრში ითმინონ დამამცირებელი, ღირსების შემლახავი, უთანასწორო მოპყრობა.

ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება”, – წერია მოძრაობის განცხადებაში.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მაყაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე: ნაგავში რომ იქექებიან ვხედავ, მაგრამ პარიზშიც არის ეგ
შემდეგი სტატიამერაბ შარიქაძე: ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, ვგმობ ოჯახში ნებისმიერ ძალადობას